ჩენ გუანჩენი

ჩინელი აქტივისტი ჩენ გუანჩენი აშშ-ში გაფრინდა

რამდენიმე წუთის წინ პეკინის აეროპორტი დატოვა თვითმფრინავმა, რომელმაც ჩინელი აქტივისტი ჩენ გუანჩენი აშშ-ში უნდა ჩაიყვანოს. უსინათლო აქტივისტის განცხადებით, მას პასპორტი არ აქვს, იგი თუმცა იმედოვნებს, რომ მას საზღვარზე პრობლემები არ შეექმნება. 

ჩენ გუანჩენი ექვსი დღის განმავლობაში აშშ-ს საელჩოს აფარებდა თავს, მას შემდეგ, რაც ის შინაპატიმრობიდან გაიქცა. აშშ-ს საელჩოს მიერ ჩენის დახმარება დიპლომატიურ კრიზისად იქცა, თუმცა მხარეებმა მალევე მიაღწიეს შეთანხმებას და ჩენი აშშ-ში სასწავლებლად წავიდა. ის ნიუ–იორკის უნივერსიტეტში ისწავლის.

ჩენ გუანჩენი თვითნასწავლი იურისტია და ის სახელმწიფოს მიერ ქალებისთვის აბორტის ერთი ბავშვის პოლიტიკის ფარგლებში დაძალებას აპროტესტებდა.  ის 2006 წელს 4 წლით დააკავეს, 2010 წელს კი შინაპატიმრობა მიუსაჯეს.  გასულ თვეში ცოლის დახმარებით უსინათლო აქტივისტი ღობეზე გადაძვრა და სახლიდან გაიქცა. ღობის მეორე მხარეს მან ფეხი მოიტეხა და ღამით მარტო წავიდა მეორე სოფელში, სადაც ის მეგობარმა შეიფარა. მეგობარმა ჩენი დედაქალაქში მანქანით წაიყვანა, სადაც აქტივისტმა აშშ-ს საელჩოს შეაფარა თავი. 6 დღის შემდეგ მან საელჩო დატოვა და განაცხადა, რომ ჩინეთში დარჩენას აპირებდა. ის საავადმყოფოში წაიყვანეს მოტეხილი ფეხის სამკურნალოდ. საავადმყოფოდან მან რამდენჯერმე დარეკა აშშ-ს კონგრესში და დახმარება ითხოვა. 

კომენტარები