კანის კინოფესტივალი

ეროვნული კინოცენტრი კანის კინობაზრობაზე

ეროვნული კინოცენტრი  კანის კინობაზრობაზე წელს, უკვე მეხუთედ იქნება წარმოდგენილი საქართველოს პავილიონით. კანის კინობაზრობა არის მსოფლიო კინოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმა სადაც წარმოდგენილია საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლები, ეროვნული კინოცენტრები და სხვა კინოინსტიტუციები. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რათა კინოპროფესიონალებმა შეძლონ განავითარონ თანამშრომლობა, გააფართოვონ პროფესიული ქსელი, გააცნონ ერთმანეთს ბოლო პერიოდის მიღწევები და დასახონ სამომავლო გეგმები.

ბაზრობაზე კინოცენტრის შეხვედრები რამდენიმე მიმართულებით გაიმართება: სხვა ქვეყნების კინოფონდებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმარება და ქართული პროექტებისათვის ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიება; საქართველოს, როგორც გადასაღებად მიმზიდველი ქვეყნის პოზიცირება.

18 მაისს საქართველოს და ქართული კინოს პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს პავილიონში გაიმართება მიღება (Happy Hour) უცხოელი სტუმრებისთვის. ხოლო 19 მაისს რამდენიმე ქართული კინოპროექტების პრეზენტაცია.

ლევან კოღუაშვილი,  ზურა მაღალაშვილი, რუსუდან გლურჯიძე და თინათინ ყაჯრიშვილი მონაწილეობას მიიღებენ კინობაზრობის ფარგლებში პროგრამა Producers Network-ში. ლევან კოღუაშვილი  ინდუსტრიულ სექციაში წარადგენს მხატვრული ფილმის ახალ პროექტს: „მელოტი ბიჭები“ ;  თინათინ ყაჯრიშვილი საკუთარ ახალ პროექტს - „პატარძლები“. ზურა მაღალაშვილი და რუსუდან გლურჯიძე Producers Network -ში წარდგებიან  პროექტით „სხვისი სახლი“. ისინი კანში ასევე გამართავენ შეხვედრებს  სხვადასხვა ფესტივალთან და დისტრიბუტორთან ქართულ-ესპანურ-რუსულ-ფრანგული კოპროდუქციის „თოლიას“ თემაზე.  

European Film Promotion-ის და ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი მუშაობის შედეგად,  წელს, კანის ფესტივალზე, პროდიუსერთა პროგრამაში PRODUCERS ON THE MOVE ნომინირებულია ქართველი პროდიუსერი - ვლადიმერ კაჭარავა კინოპროექტით: „ოცი ნაბიჯი მიწის ქვეშ“.

რამდენიმე ქართველი  რეჟისორის მოკლემეტრაჟიან ფილმს კი ნახავენ ფესტივალის სექციაში Short Film Corner. ტატო კოტეტიშვილის საკურსო ნამუშევარს „საზამთრო“  სექციის Short Film Corner  კატალოგში: BEST OF LODZ FILM SCHOOL პოლონეთის კინოსკოლა   წარადგენს.  ამავე სექციაშია გაბრიელ რაზმაძის შავი თუთა და გიორგი მრევლიშვილის: „არსად და ყველგან“.

 

 

კომენტარები