კანის კინოფესტივალი

შეხვედრა ჟიურისთან - პრესკონფერენცია კანის 65-ე ფესტივალზე

დღეს, კანის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. მთავარ საკონკურსო პროგრამაში 22 ფილმია წარმოდგენილი. მათ შორის ისეთი რეჟისორების ნამუშევრები, როგორებიც არიან: აბას კიაროსტამი, დევიდ კრონენბერგი, მიხაელ ჰანეკე და კენ ლოუჩი. ფესტივალის დაწყებამდე, რომელიც უეს ანდერსონის ფილმით „Moonrise Kingdom“ გაიხსნა,  გაიმართა პრესკონფერენცია ჟიურის წევრებთან.

ნანი მორეტი,  ჟიურის თავმჯდომარე:

„ჩვენ შევიკრიბებით ყოველ მეორე დღეს და განვიხილავთ იმ ფილმებს, რომლებიც ნანახი გვექნება. სულ 22 ფილმია სანახავი და რა თქმა უნდა, ყველას ჩვენი გემოვნება გვაქვს. ამიტომ მე კლასის ხელმძღვანელივით უნდა ვიყო.  მთავარია,  ყველა ფილმს მიუკერძოებლად, თანაბარი ინტერესით და პატივისცემით ვუყუროთ“.

დაიან კრიუგერი:

„იყო ჟიურის წევრი, ეს ჩემთვის დიდი პატივია. კანში დაიწყო ჩემი კარიერა და ამიტომ, ამ ფესტივალზე მიჯაჭვული ვარ. ჩვენი ამოცანაა, სწორად შევაფასოთ წლევანდელი საკონკურსო ფილმები“.

ევან მაკგრეგორი:

„წარმატების და პოპულარობის მისაღწევად,  კანის კინოფესტივალი ყველაზე კარგი ადგილია. ის ასევე არაჩვეულებრივია ახალგაზრდა ტალანტების მოსაძებნად. კომფორტულად ვგრძნობ თავს ჟიურიში და ეს როლი, სრულებითაც არ მეხამუშება. დიახ, მე გარკვეული ძალაუფლება მაქვს, მაგრამ სრულებითაც არ ვაპირებ მის  ბოროტად გამოყენებას; ვიღაცისთვის სამაგიეროს გადახდას“.  

ალექსანდრ პეინი:

„რა თქმა უნდა, ფესტივალის ჯილდოს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ვფიქრობ არ ღირს ამ საკითხისადმი ზედმეტად სერიოზულად მიდგომა. ეს უფრო გართობაა. რეჟისორის მთავარი მიღწევა უკვე არის ის, რომ მისი ფილმი კონკურსში მონაწილეობს“.

ანდრეა არნოლდი:

„ამ ფილმებს მიუკერძოებლად უნდა ვუყურო. ისე, თითქოს შევდივარ უცხო სახლში, რომლის ყველა კარი და ფანჯარა ღიაა. არ ვისურვებდი, რომ ჩემი ფილმი  საკონკურსო პროგრამაში მარტო იმიტომ აღმოჩენილიყო, რომ მე ქალი ვარ. მთავარ პროგრამაში ცოტა ქალი მონაწილეობს, რადგან საერთოდ, კინოში ცოტა ქალი რეჟისორია“.

ჟან-პოლ გოტიე:

„ამ ჟიურიში მე ჩვეულებრივი მაყურებელი ვარ. როგორც ყველა, მეც ველოდები რომ ფილმმა უნდა გამაკვირვოს, უნდა შემძრას. ჩემს პროფესიაში კინოს დიდი ადგილი უჭირავს. მე ხომ მოდის კეთება ჟან მეკერის ფილმების გავლენით დავიწყე. ჩემი ბავშვობა ფრანგული და გერმანული კინოს აყვავების ხანას დაემთხვა: ფასბინდერი, ანტონიონი...

ჰიამ აბასი:

„კინოსპროფესიონალებმა იმდენად კარგად იციან კინო, რომ იშვიათად თუ ახერხებენ ეკრანის წინ მოდუნებას და უბრალოდ, ფილმის ყურებას ისე, რომ ყურადღება არ მიაქციონ სხვადასხვა დეტალს. მეც უნდა შევეცადო. ასეთი დიდი ვარსკვლავების გვერდით თავს ძალიან პატარად ვგრძნობ. ეს, დიდი პასუხისმგებლობაა“.

რაულ პეკი:

„ჩვენ ველოდებით რომ ფილმი დაგვარწმუნებს, გამოიწვევს ჩვენში განცდას. ამისათვის საჭიროა გვერდზე გადავდოთ ჩვენი პირადი გემოვნება. აქ ხომ ძლიერმა უნდა გაიმარჯვოს, და არა ვინმეს კინემატოგრაფიულმა გემოვნებამ“.

 

კომენტარები