ქართული ოცნება

ქართული ოცნება კონტროლის პალატის ბრალდებებს უარყოფს

კოალიცია ქართული ოცნება და შპს მენეჯმენტ სერვისი კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელშიც ახსნილი იყო შპს მენეჯმენტ სერვისის დაჯარიმების მიზეზები. საპასუხო განცხადება კოალიციის წარმომადგენელმა პარტიებმა და მენეჯმენტ სერვისმა დღეს გაავრცელეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კონტროლის პალატის მიერ დასახელებული ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება და ,,საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით’’ არის მოყვანილი. 
კონტროლის პალატის არგუმენტს, იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურ პარტიებს  საოფისე ფართების საიჯარო და სარემონტო ხარჯები დეკლარირებული არ ჰქონდათ, კოალიცია და მენეჯმენტ სერვისი პასუხობენ, რომ ხარჯების გადახდის ვალდებულება მხოლოდ მარტის თვიდან გაჩნდა და შპს მენეჯმენტ სერვისის სასარგებლოდ დღეისთვის უკვე გადახდილია 200 ათასი ლარი. 
ქართული ოცნება და მენეჯმენტ სერვისი მცდარად აფასებენ ინფორმაციას შპს მენეჯმენტ სერვისისა და შპს ბურჯის დამფუძნებლების შესახებ და აცხადებენ, რომ აღნიშნულ კომპანიებს ორი სხვადასხვა პირი ხელმძღვანელობს. ,,შპს ბურჯის დირექტორია ბ-ნი ნოე ქინქლაძე, ხოლო შპს მენეჯმენტ სერვისის დირექტორია ბ-ნი ბესიკ დემეტრაშვილი.’’  რაც შეეხება მენეჯმენტ სერვისის ბუღალტრის ვინაობას, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხსენებულ თანამდებობას არა გიორგი ქსოვრელი, არამედ მარინა ლაბაძე იკავებს.  
,,არც ბ-ნი ბესიკ დემეტრაშვილი და არც ქ-ნი მარინა ლაბაძე არ არიან მოძროაბა ქართული ოცნების საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩართულნი. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეს განცხადება არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ დაუსაბუთებელიც.’’-ნათქვამია განცხადებაში.
კოალიცია ქართული ოცნებისა და შპს მენეჯმენტ სერვისის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ცნობა, რომ ,,საოფისე ფართების დაქირავებას და სარემონტო სამუშაოების ჩატარებას შპს მენეჯმენტ სერვისი საკუთარი სახსრებით ახორციელებდა.’’ მათი განცხადებით, პოლიტიკური სუბიექტები ხელშეკრულების თანახმად ყოველთვიურად იხდიან ქირას, ზედნადებ ხარჯებს, სარემონტო სამუშაოების ხარჯებს, მოგებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
რაც შეეხება მოგებას, რომელიც მენეჯმენტ სერვისს ოფისების გაქირავებით უნდა მიეღო, კოალიციისა და თავად შპს მენეჯმენტ სერვისის მტკიცებით, აღნიშნული ბიზნეს-პროექტი მთლიანად მოგებაზეა ორიენტირებული, რაც 11 თვის მანძილზე დაახლოებით 400 ათასი ლარის მიღებას გულისხმობს.  
კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიები და შპს მენეჯმენტი კონტროლის პალატას მოუწოდებენ, საჯარო განცხადებების კეთებისა და ,,საზოგადოების შეცდომაში შეგნებულად შეყვანის’’ ნაცვლად, შპს მენეჯმენტ სერვისს დროულად წარედგინოს დაჯარიმების შესახებ მიღებული დასაბუთებული დადგენილება. 

კომენტარები