სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი: საჯარო მოხელეს თმენის ვალდებულება აქვს

საქართველოს სახალხო დამცველი ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილესა და "თავისუფალი დემოკრატების" კრწანისის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს შორის 14 მაისს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

”მედიით გავრცელებული ვიდეომასალიდან თვალნათლივ ჩანს, რომ გამგებლის მოადგილეს ბესო გაზდელიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან, რასაც ამ უკანასკნელის ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. თითოეულ საჯარო მოსამსახურეს მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ განსხვავებით რიგითი მოქალაქეებისაგან, მას საჯარო კრიტიკის გამო თმენის ვალდებულება გააჩნია, რაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს იმ დროს, როდესაც იგი პროფესიულ მოვალეობას ასრულებს.” - ნათქვამია უწყების ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებაში სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, სათანადო რეაგირება მოჰყვეს ბესო გაზდელიანის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევას. სახალხო დამცველი აგრეთვე, მიმართავს ყველა საჯარო მოხელეს, რომ მათ პროფესიული სტანდარტი დაიცვან და სტატუსის შესაფერისად იმოქმედონ.

კრწანისში, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ უბანში 14 მაისს "თავისუფალი დემოკრატების" კრწანისის რაიონის ხელმძღვანელ ტატო გალდავასა და სამგორის გამგებლის მოადგილე ბესიკ გაზდელიანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

 

კომენტარები