რუსეთი

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიცია მოსკოვში ისევ იკრიბება

რუსული ოპოზიციის აქციამ მოსკოვში სხვა ადგილას - მეტრო ბარიკადნაიასთან გადაინაცვლა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გამთენიისას პოლიციამ ჩისტიე პრუდის რაიონში ოპოზიციონერების სადღეღამისო ბანაკი დაარბია. „ოკუპაი აბაი“-ს აქციის დაშლის საბაბი მოსკოვის ბასმანის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც, ადგილობრივი მაცხოვრებლების საჩივარი დაკმაყოფილა და სამართალდამცავებს შეკრების დაშლა დაავალა.

ოპოზიციონერებს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ დაუწევიათ, თუმცა, სამართალდამცავებმა აქციის 20 მონაწილე დააკავეს.

ბარიკადნაიასთან შეკრებისკენ მოქალაქეებს აქტივისტმა ილია იაშინმა და ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა მოუწოდეს. ამავე დროს, იაშინის განცხადებით, ჯერჯერობით ოპოზიციამ მხოლოდ შეკრების ადგილი შეარჩია, პერმანენტული აქციას კი მოსკოვის ერთ-ერთ პარკსა ან სკვერში განაახლებს.

რამდენიმე დღეა ოპოზიცის წარმომადგენლები მოსკოვის ცენტრში სადღეღამისო „სახალხო სეირნობას“ აწყობენ. აქციებზე არ ისმის პოლიტიკური მოწოდებები, ამიტომ პოლიციას მათი დაშლის საბაბი არ ჰქონია.

 

კომენტარები