აშშ

Newsweek: ობამა „პირველი გეი-პრეზიდენტია“

„პირველი გეი-პრეზიდენტი“ - ასეთი სათაური გამოიტანა გარეკანზე ჟურნალმა Newsweek-მა, ბარაკ ობამას ფოტოსთან ერთად, რომელსაც თავზე ცისარტყელის ფერების შარავანდედი ადგას.

სტატიაში, რომლის სათაური ჟურნალმა გარეკანზე გამოიტანა, Newsweek-ის მიმომხილველი ემდრიუ სალივანი ობამას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ტელეინტერვიუში მხარი დაუჭირა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას. ავტორი, რომელიც პრეზიდენტის განცხადებას მიესალმება, მიმოიხილავს ობამას დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი პოლიტიკურ კარიერის სხვადასხვა ეტაპზე და პარალელებს ავლებს პრეზიდენტის ბიოგრაფიასა და გეების ცხოვრებისეულ გამოცდილებას შორის.

იგი აღნიშნავს, რომ თავად ობამა ერთ დროს მრავალ შტატში აკრძალული შერეული ქორწინების შედეგად დაიბადა. გარდა ამისა, მისი აზრით, „ობამას მოუხდა საკუთარ თავში შავკანიანის იდენტობის აღმოჩენა და შეხების წერტილების მონახვა მასსა და თეთრკანიან ნათესავებს შორის, სწორედ ისე, როგორც გეებს უწევთ საკუთარი ჰომოსექსუალური იდენტობის აღმოჩენა და ახლობლებთან შეხების წერტილების პოვნა“.

ობამა აშშ-ს პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ერთსქესიან ქორწინებებს საჯაროდ დაუჭირა მხარი. თუმცა, მან განმარტა, რომ ეს მისი პირადი აზრია და კონკრეტულ გადაწყვეტილებების მიღება ამგვარი ქორწინებების დაკანონების შესახებ კვლავაც შტატების კომპეტენციაა.

რესპუბლიკელები კი მიიჩნევენ, რომ ობამას განცხადება მხლოდ ლიბერალური ელექტორატის ხმების მოპოვების მცდელობაა. ობამას პოტენციურმა მოწინააღმდეგემ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიტ რომნიმ განაცხადა, რომ ქორწინებად კვლავაც მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირს მიიჩნევს.

 

კომენტარები