საფრანგეთი

პარიზში ფრანსუა ოლანდის ინაუგურაცია გაიმართა

დღეს პარიზში, ელისეს სასახლეში საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ინაუგურაცია გაიმართა.  ცერემონიაზე, რომელსაც ოთხასამდე სტუმარი ესწრებოდა ფრანსუა ოლანდმა პრეზიდენტის ფიცი დადო.

ინაუგურაციის დაწყებამდე ოლანდს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი შეხვდა და ქვეყნის ბირთვული იარაღის კოდი გადააბარა. სარკოზიმ ელისეს სასახლე ცერემონიის დასრულების შემდეგ დატოვა.

BBC-ს ინფორმაციით, ფრანსუა ოლანდის სურვილით, ინაუგურაციის ცერემონია მოკრძალებულად ჩატარდა. ცერემონიას არ დასწრებიან თავად ოლანდის შვილებიც.

ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სრულად აცნობიერებს საფრანგეთის წინაშე მდგარ გამოწვევებს, მათ შორის ევროპის ვალების კრიზისს.

,, ჩემი მანდატია დავაბრუნო საფრანგეთი სამართლიანობისკენ. გავხსნა ახალი ბილიკი ევროპასთან, წვლილი შევიტანო მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში და მოვუფრთხილდე პლანეტას’’ - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა ინაუგურაციის ცერემონიაზე.

ფრანსუა ოლანდის როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ბერლინში შედგება, სადაც ის ევროპის ვალების კრიზისთან დაკავშირებით, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართავს მოლაპარაკებებს.

ფრანსუა ოლანდი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვინაობას მოგვიანებით დაასახელებს.

კომენტარები