რუსეთი

მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერების დაშლის გადაწყვეტილება მიიღო

მოსკოვის სასამართლომ ქალაქის ცენტრში ოპოზიციური ბანაკის დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი დადგენილება ბასმანის სასამართლომ ჩისტიე პრუდის უბნის რამდენიმე მაცხოვრებლის სარჩელის განხილვის შედეგად გამოიტანა. მოსარჩელეები ქალაქის ხელისუფლებისაგან წესრიგის აღდგენასა და ტერიტორიის დასუფთავებას მოითხოვდნენ.

მოსკოვის პოლიციის პრესსამსახურის განცხადებით, სამართალდამცავები „სასამათლოს კანინიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას აღასრულებენ“. ოპოზიციონერები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ სასამართლო პროცესი ოპოზიციის მშვიდობიანი აქციის დაშლის მიზნით მოაწყო.

რამდენიმე დღეა მოსკოვის ცენტრში, პოეტ აბაი კუნანბაევის ძეგლთან ოპოზიციის მომხრეები არიან შეკრებილები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში „სახალხო სეირნობას“ აწყობენ. აქციაზე სახელწოდებით „ოკუპაი აბაი“ არ ისმოდა პოლიტიკური მოწოდებები, რის გამოც პოლიციას მისი, როგორც არასანქცირებულის, დაშლის საბაბი აქამდე არ ჰქონია.

 

კომენტარები