SoundWave

ჟესტებით მართვის სისტემა SoundWave

დღეს კომპიუტერის რაიმე მოწყობილობის გარეშე, მხოლოდ საკუთარი სხეულის გამოყენებით მართვით ვერავის გააოცებ. ამის მაგალითად Microsoft-ის სათამაშო გაჯეტი, Kinect-იც გამოდგება. ის აღჭურვილია სპეციალური კამერით, რომელიც მის წინ მდგომი ადამიანის მოძრაობას აღიქვამს, პროგრამული ნაწილი კი მას ამუშავებს და საშუალებას გვაძლევს, თამაშები მხოლოდ საკუთარი მოძრაობით ვმართოთ. თუმცა ეს ტექნოლოგია სპეციალურად მისთვის შექმნილ აპარატურულ უზრუნველყოფას მოითხოვს და ამიტომ იაფიც არ არის.

Microsoft Research-ში მომუშავე მკვლევრების ერთმა ჯგუფმა კი ისეთ დეტალს მიაგნო, რაც სხეულის მოძრაობით კომპიუტერის მართვაში შეიძლება რევოლუციური აღმოჩენა გახდეს. ახალი ტექნოლოგია დამყარებულია დოპლერის ეფექტზე, რომელიც ფიზიკაში დიდი ხანია ცნობილია და მისი არსი ხმის ტონალობის ცვლილებაში მდგომარეობს (როდესაც ბგერის წყარო მოძრაობს). დოპლერის ეფექტზე დაკვირვება ძალიან ადვილია, თუნდაც ქუჩაში. მაგალითად გამოდგება სასწრაფო დახმარების მანქანა – როდესაც ის გვერდზე ჩაგვივლის, მისი სირენის ტონალობა იცვლება. სწორედ ამ ეფექტზე ლაბორატორიული დაკვირვებისას აღმოაჩინეს Microsoft-ის მკვლევრებმა მისი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობა. ერთ-ერთი ცდის დროს, როდესაც ისინი ულტრაბგერების გამოსხივებას და შთანთქმას სწავლობდნენ, შეამჩნიეს, რომ თუკი ექსპერიმენტის დროს ოთახში ვინმე მოძრაობდა, მიკროფონის მიერ აღქმული ბგერის ტონი საწყისისგან განსხვავდებოდა. ეს განსხვავება კი მოძრავი ადამიანების სიჩქარისა და მოძრაობის მიმართულების მიხედვით იცვლებოდა. მკვლევრები მალევე მიხვდნენ, რომ ამის გამოყენება მოძრაობის დეტექტორად შეიძლება.

რადგან დღეს თითქმის ყველა ლეპტოპს აქვს ქარხნულად ჩამონტაჟებული სპიკერები და მიკროფონები, ექსპერიმენტი მათზეც ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ საშუალო ხარისხის აუდიოსისტემის მქონე კომპიუტერს თავისუფლად შეუძლია ულტრაბგერის გამოცემა 20-22 კილოჰერცის ფარგლებში, რომელსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. მიკროფონი კი მას ასევე ადვილად იღებს და სპეციალურად დაწერილ პროგრამას, SoundWave-ს გადასცემს. თუკი ამ დროს გარშემო ყველაფერი უძრავადაა, მიკროფონში შესული ხმა საწყისს ჰგავს, მაგრამ საკმარისია თუნდაც ეკრანის წინ ხელის გაქნევა, რომ ხმის ტონი იცვლება. ამ ცვლილების მიხედვით, პროგრამული ნაწილი მოძრაობის მიმართულებას და სიჩქარეს გამოთვლის. დამუშავების ამ ეტაპზე, პროგრამას შეუძლია, ეს 90%-იანი სიზუსტით განსაზღვროს. აღსანიშნავია, რომ ულტრაბგერების გამოცემის პარალელურად, შეიძლება აუდიოსისტემის დანიშნულების მიხედვით გამოყენებაც, თუნდაც მუსიკის მოსასმენად.

SoundWave-ი ვაშინგტონის უნივერსიტეტისა და Microsoft-ის კოლაბორაციის პროდუქტი გახლავთ. Microsoft Research-ის კვლევების ხელმძღვანელი და SoundWave-ის ჯგუფის წევრი, დესნი ტანი ამბობს, რომ ტექნოლოგიის გამოყენება უკვე შესაძლებელია რამდენიმე ჟესტის აღსაქმელად. სამომავლოდ კი, თუკი სმარტფონები და ლეპტოპები რამდენიმე მიკროფონითა და სპიკერით აღჭურვილი გამოვა, სიზუსტე გაიზრდება. პროგრამის ოფიციალური რელიზი ჯერ არ შემდგარა, თუმცა სავარაუდოდ, ახლო მომავალში მისი დაყენება ნებისმიერ კომპიუტერზე იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, ყოველგვარი დამატებითი აპარატურის გარეშე მივიღებთ იმავე ეფექტს, რასაც დღეს სპეციალური კამერები და დეტექტორები გვაძლევს.

 

კომენტარები