შსს

შსს: რუსეთის ბრალდება საფუძველს არის მოკლებული

ყოველგვარ საფუძველს მოკლებული უწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დღეს აფხაზეთში დაკავებულ ტერორისტულ ჯგუფს კავშირი საქართველოს სპეცსამსახურებთან ჰქონდა.

დღეს რუსული საინფორმაციო საშუალებებით რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადება გავრცელდა. ამ ცნობის თანახმად, რუსულმა და აფხაზურმა სპეცსამსახურებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე იარაღის რამდენიმე საცავი აღმოაჩინეს და ტერორისტული დაჯგუფების სამი წევრი დააკავეს. განცხადების მიხედვით, ტერორისტები გეგმავდნენ 2012 წლიდან 2014 წლამდე შეიარაღების სოჭის მიმართულებით გადატანას და 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის ჩაშლის მიზნით რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას.რუსული სპეცსამსახურების ცნობით, შეიარაღების ნაწილი - ასაფეთქებლების დეტონატორები, ტერორისტებმა თითქოს საქართველოდან, ქართული სპეცსამსახურების დახმარებით შემოიტანეს.

„აღნიშნული განცხადებით რუსეთის ხელისუფლება ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო თანამეგობრობა და მოახდინოს დაძაბულობის ესკალაცია რეგიონში“, - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამონისტრო.

უწყება თავის განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ უკანასკნელ პერიოდში სწორედ რუსული სპეცსამსახურების მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი ტერორისტული და დივერსიული აქტის განხორციელების მცდელობას, რომელთა უმეტესობაც წარმატებით იქნა აღკვეთილი. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების დაგეგმვა და განხორციელება ხდება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას თავის შეიკავოს პროვოკაციული განცხადებებისგან და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს ტერორისტული აქტების გამოძიებაში.

 

კომენტარები