აშშ

ბარაკ ობამა ერთსქესიან ქორწინებას მხარს უჭერს

ბარაკ ობამამ საჯაროდ გამოხატა საკუთარი პოზიცია ერთსქესიან ქორწინებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ერთსქესიან წყვილებს უნდა ჰქონდეთ უფლება ურთიერთობა ოფიციალურად გააფორმონ.

აშშ–ს მოქმედი პრეზიდენტი შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი მმართველი გახდა, რომელმაც მხარი ღიად დაუჭირა ერთი სქესის მქონე ადამიანების ურთიერთობას.

„მივხვდი, რომ პირადად ჩემთვის აუცილებელია დავაფიქსირო საკუთარი მოსაზრება – მივიჩნევ, რომ ასეთ წყვილებს უნდა ჰქონდეთ ოჯახის შექმნის შესაძლებლობა.“ – განაცხადა ობამამ ტელეარხ abc - სთან ინტერვიუში.

კომპანია Gallup – ის მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, ამერიკელების 50% ემხრობა ერთსქესიან ქორწინებას, ხოლო გამოკითხულთა 48 პროცენტი წინაააღმდეგია ასეთი ურთიერთობების.

ობამას აღნიშნულ განცხადებამდე რამდენიმე დღით არატრადიციული ორიენტაციის მქონე მოქალაქეების კავშირისადმი მხარდაჭერა აშშ–ს ვიცე–პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა და განათლების მინისტრმა არნე დუნკანმაც გამოთქვეს.

abc – სთან ინტერვიუში აშშ–ს პირველმა პირმა აღნიშნა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია მომხრეა, არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების უფლებები გაიზარდოს. მაგალითად მან ამერიკულ ჯარში დამკვიდრებული პოზიციის გაუქმება – „არ შეეკითხო, არ ილაპარაკო“ – მოიყვანა. ობამამ აგრეთვე, იმ ფაქტს გაუსვა ხაზი, რომ აშშ–ს მთავრობამ ოფიცილურად თქვა უარი ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს ძალაში შესულ კანონის მხარდაჭერაზე, რომელიც ქორწინებას მხოლოდ როგორც ქალისა და მამაკაცის გაერთიანებად განიხილავდა.

შეერთებული შტატების პირველი პირის თქმით, მან საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მას შემდეგ შეიცვალა, რაც თავის ადმინისტრაციაში მომუშავე არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებს შეხვდა, რომლებიც თავს შეზღუდული უფლებების გამო შებოჭილად გრძნობენ.

საპრეზიდენტო არჩევნებში ობამას სავარაუდო მეტოქემ, რესპუბლიკელმა მით რომნიმ აგრეთვე, საჯაროდ დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ თემასთან მიმართებაში. მისი თქმით, იგი არ ემხრობა ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინებას.

აშშ – ს 50 შტატიდან 31 – ში სპეციალური კანონი მოქმედებს, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას კრძალავს.

 

კომენტარები