აშშ

ნევადაში უპილოტო მანქანაზე პირველი ლიცენზია გასცეს

ნევადას შტატში ლიცენზია გაიცა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება, ავტომობილი გზებზე მძღოლის გარეშე გადაადგილდეს. პირველი უპილოტო მანქანა კომპანია Google – ის მიერ მოდიფიცირებული Toyota Prius გახდა.

Toyota Prius, რომელიც ლას–ვეგასის ცენტრალურ ბულვარში უკვე გამოსცადეს, სპეციალური სამართავი სისტემით არის აღჭურვილი. მის სახურავზე ვიდეოკამერები, რადიოტალღური გადამცემი და ლაზერული მანძილსაზომია დამონტაჟებული.

BBC – ის ინფორმაციით, პირველი უპილოტო მანქანა Google – ის წარმომადგენლებმა კალიფორნიის გზებზეც გამოსცადეს, სადაც ავტომობილმა 140 ათასი მილის გავლა ავარიის და შეცდომის გარეშე შეძლო.

ნევადას შტატის საავტომობილო მართვის დირექტორის, ბრიუს ბრესლოუს განცხადებით, მალე გზებზე უპილოტო მანქანები მომრავლდება. ნევადაში უკვე მიიღეს შესაბამისი კანონი, რომლის თანახმადაც, უპილოტო ავტომობილების გამოყენება ნებადართულია.

ბრესლოუს განცხადებით, ავტოკატასტროფების უმრავლესობა ადამიანის შეცდომის გამო ხდება. მისი თქმით, „ავტონომიური მანქანები“ სპეციალური პროგრამის საშუალებით უბედური შემთხვევების რიცხვს მნიშვნელოვნად შეამცირებენ.

 

კომენტარები