აშშ

ვინ იქნება რომნის მეწყვილე

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო პრაიმერიზი დასკვნით ეტაპს უახლოვდება. ბოლო მონაცემების თანახმად, მიტ რომნი საგრძნობლად ლიდერობს რესპუბლიკური პარტიის შიდა არჩევნებში და ნოემბერში პრეზიდენტ ობამას წინააღმდეგ გამართულ საბოლოო კენჭისყრაში სავარაუდოდ ის წარდგება. უპრეცედენტოდ დაძაბულ რესპუბლიკურ პრაიმერიზში რომნის გამარჯვება თითქმის გარანტირებული აქვს, ახლა მთავარი ინტრიგა ისაა, თუ ვის დაასახელებს მიტ რომნი თავის მეწყვილედ ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე – “ყველა კანდიდატი ჩემს სიაშია, არავის ვიღებ იქიდან. მართალი რომ გითხრათ, სია საერთოდ არ მაქვს”, – განაცხადა რესპუბლიკელმა კანდიდატმა.

მიტ რომნი, მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი და პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, საარჩევნო პარტნიორს სავარაუდოდ დაასახელებს აგვისტოს ბოლოს, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე, რომელიც ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპაში გაიმართება.

რესპუბლიკელ კანდიდატს მთავარი საარჩევნო მეგობრის დახმარებით დამოუკიდებელი ამომრჩევლის მოზიდვა მოუწევს. რომნიმ უნდა გააკეთოს არჩევანი მოძრაობა Tea Party-ს (ჩაის წვეულება) ფავორიტებსა და ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის სიმპათიით განწყობილ პოლიტიკოსებს შორის.

მისია არც ისე მარტივია – რომნიმ რესპუბლიკური პარტია უნდა გააერთიანოს. მას ხშირად აკრიტიკებენ მასაჩუსეტსში მოღვაწეობის დროს ამერიკელი კონსერვატორებისათვის მიუღებელი ხედვებისა და გადაწყვეტილებების გამო, რამაც მისდამი თანაპარტიელების დამოკიდებულებაში განწყობა – „ოღონდ რომნი არა” გააჩინა. რომნი პრაგმატული ისტებლიშმენტის რჩეულად ითვლება, მაგრამ მართლმორწმუნე კონსერვატორები მისი კანდიდატურის მიმართ განსაკუთრებული ენთუზიაზმით არ გამოირჩევიან. სწორედ ამიტომ, მისი მიზანი კონსერვატორების გულის მოგება და ამით პარტიის გაერთიანებაა.

64 წლის პრეზიდენტობის კანდიდატის წარმატებაში მისმა ბიზნესკარიერამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. რომნის წარსული და მოუქნელი საუბრის მანერა მერყევ რიგით ამომრჩევლებში მის მიმართ ენთუზიაზმის გაღვიძებას ხელს არ უწყობს. ვიცეპრეზიდენტმა რომნის მინუსები უნდა დააბალანსოს და ჯერ კიდევ მერყევი ამომრჩევლის მხარდაჭერა დაიმსახუროს.

ხსენებულ პოსტზე ბევრი კანდიდატი სახელდება, მაგრამ ყველაზე ხშირად 7 პოლიტიკოსზე კეთდება აქცენტი.

პოლ რაიანი

საბიუჯეტო კომიტეტის ენერგიული და ახალგაზრდა თავმჯდომარე ვისკონსინიდან, რესპუბლიკელი პოლ რაიანი შესამჩნევი ფიგურაა მიტ რომნის საპრეზიდენტო კამპანიაში. მის მიმართ გაჩენილი სიმპათია არც რომნიმ უარყო, როდესაც თავის გამოსვლებში რაიანის საბიუჯეტო ხედვებს მხარი დაუჭირა.

პოლ რაიანი თანაბარი მხარდაჭერით სარგებლობს როგორც პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლებს შორის, ასევე Tea Party-ს აქტივისტებში.

მარკო რუბიო

ამომავალმა პოლიტიკურმა ვარსკვლავმა, წარმოშობით კუბელმა სენატორმა, კონსერვატორმა მარკო რუბიომ (ფლორიდა) რამდენჯერმე განაცხადა, რომ ვიცეპრეზიდენტის პოსტის შეთავაზების შემთხვევაში უარს იტყოდა.

სენატორ რუბიოს მხრიდან რომნის გუნდში მეორე კაცობაზე დათანხმების შემთხვევაში საპრეზიდენტო კანდიდატი დიდ სიმპათიებს დაიმსახურებს ამერიკის ესპანურენოვან მოსახლეობასა და ფლორიდის ამომრჩევლებს შორის. ბოლო ორმა არჩევნებმა ხაზი გაუსვა ესპანურენოვანი მოსახლეობის მნიშვნელობას – 2000 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მათი ხმების 35% მოიპოვა, 2004 წელს მხარდამჭერთა რაოდენობა 44%-მდე გაზარდა, ხოლო 2008 წელს, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ობამამ 67% მიიღო. ობამას წინააღმდეგ გამართულ ორთაბრძოლაში მათი ხმები შესაძლებელია გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.

ბობ მაქდონელი

შტატ ვირჯინიის გუბერნატორ ბობ მაქდონელს შეუძლია, რომ მიტ რომნის საპრეზიდენტო მარათონში მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს. ამის მიზეზი კი კონსერვატორებს შორის მისი ცნობადობა და ურთიერთობის კარგი გამოცდილებაა.

ვირჯინია ტრადიციულად ცნობილია, როგორც რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი შტატი, მაგრამ წინა საპრეზიდენტო არჩევნებში იქ გამარჯვება დემოკრატებმა მოიპოვეს. მაქდონელმა შეძლო და 2010 წელს შტატი ისევ რესპუბლიკელების მმართველობაში დააბრუნა. ის ვირჯინიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

რობ პორტმენი

თანმიმდევრული საბიუჯეტო და სავაჭრო პოლიტიკის გამო სენატორი რობ პორტმენი (ოჰაიო) პოლიტიკურ წრეებში დიდი პატივისცემით სარგებლობს. იმ შემთხვევაში, თუ რომნი პორტმენს აირჩევს, ეს იქნება „პირველ რიგში, არ ავნო”-ს პოლიტიკის გატარება.

პორტმენი გამოცდილი პოლიტიკოსია – 2005 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლობაში მოღვაწეობდა, ხოლო 2006 წელს ადმინისტრაციული საბიუჯეტო ოფისის დირექტორად აირჩიეს. ამჟამად სენატორი მიტ რომნის მომხრეთა რიგებშია და განსაკუთრებულ მხარდაჭერას გამოხატავს პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ, რასაც რესპუბლიკური პარტიის შიდა არჩევნებში მისი აქტიური როლი გვაფიქრებინებს.

ქრის ქრისტი

ნიუ ჯერსის ქარიზმატულმა გუბერნატორმა ქრის ქრისტიმ მიტ რომნის ადრევე განუცხადა მხარდაჭერა, მაგრამ დასძინა, რომ ის არ იყო შექმნილი მეორე კაცობისთვის. თუმცა 2011 წელს შემდეგი განცხადება გააკეთა: „იმ შემთხვევაში, თუ გუბერნატორი რომნი ჩემთან მოვა და ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას შემომთავაზებს, აუცილებლად მოვუსმენ, რადგან საკმარისად მიყვარს ჩემი პარტია და ქვეყანა”.

ორატორული ნიჭით დაჯილდოებული ქრისტის ნიუ ჯერსიში (ტრადიციულად, დემოკრატების შტატში) საარჩევნო წარმატებამ და ნეიტრალურ ამომრჩეველთა შორის სიმპათიამ შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს რომნის ბრძოლაში.

კელი აიოტი

43 წლის რესპუბლიკელი სენატორი ნიუ ჰემპშირიდან, ქალბატონი კელი აიოტი დიდი სიმპათიებით სარგებლობს პარტიის როგორც პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლებს, ასევე Tea Party-ს წევრებს შორის.

სენატორმა აიოტმა, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, მხარდაჭერა გამოუცხადა მიტ რომნის და ნიუ ჰემპშირში გამართულ პრაიმერიზზე პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა.

ქალთა ხმების სანაცვლოდ, ორი შვილის დედის, კელი აიოტის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად არჩევა შეიძლება რომნისთვის სასარგებლო გამოდგეს.

ბობი ჯინდალი

ლუიზიანის გუბერნატორი ბობი ჯინდალი ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კონსერვატორად ითვლება. მისი არჩევით ამერიკას პირველი ინდური წარმომავლობის ვიცეპრეზიდენტი ეყოლება.

მისგან რომნის საარჩევნო რბოლაში დახმარებაზე ხმები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც გუბერნატორი რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატს საჯაროდ მიემხრო. Politico-სთვის მიცემული ინტერვიუსას მან განაცხადა: „მე მაქვს სამსახური, რომელიც მინდა რომ მქონდეს, ჩვენი შემდეგი გამოწვევა საპენსიო რეფორმაა”.

ზემოხსენებული პოტენციური კანდიდატები წარმოადგენენ რესპუბლიკური პარტიის ახალ სახეს, რომელსაც პარტია მომავალში უნდა დაეყრდნოს. არჩევნებში რომნის დამარცხების შემთხვევაში, 2016 წლისთვის, პარტია სავარაუდოდ საკმარის ძალას მოიკრებს იმისათვის, რომ ღირსეული კანდიდატი წარადგინოს და არჩევნები მოიგოს. განსხვავებული სიტუაცია იქნება რომნის მოგების შემთხვევაში. დიდი შანსია, რესპუბლიკელთა გამარჯვება 2020 წლამდე გადაიდოს.

 

კომენტარები