საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ ვაშაკიძე სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საფრანგეთში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა. ნიკოლოზ ვაშაკიძემ იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში, პარიზთან თანამშრომლობა საქართველოსთვის წარმატებული იქნება.

,,საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ბატონი ოლანდი არის გამოცდილი და სერიოზული პოლიტიკოსი, მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური ღირებულებებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საფრანგეთთან თანამშრომლობა მისი პრეზიდენტობის პერიოდში ასევე წარმატებით და ნაყოფიერად განვითარდება, რადგან საქართველოს და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა საერთო ღირებულებებზე და ინტერესებზეა დაფუძნებული.’’- განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მადლიერია, კრიტიკულ დღეებში (2008 წლის აგვისტო) საქართველოს უსაფრთხოების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ნიკოლოზ ვაშაკიძემ ნიკოლა სარკოზის მეგობრობისა და თანამშრომლობისთის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ,,ბატონი სარკოზი ყოველთვის დარჩება ქართველი ხალხის ცნობიერებაში, როგორც მისი მეგობარი.’’

6 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა ამომრჩეველთა ხმების 52% -ით გამარჯვება მოიპოვა. საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დამარცხება აღიარა და კონკურენტს გაპრეზიდენტება მიულოცა.

 

კომენტარები