სასტუმრო მილენიუმი

კიდევ ერთი ახალი სასტუმრო თბილისში

თბილისში, რუსთაველის გამზირზე იმელის ყოფილ შენობაში 2014 წელს ახალი სასტუმრო გაიხსნება. შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ იქ განთავსებული სასტუმროს მართვას კომპანია "მილენიუმი" განახორციელებს.

სასტუმროს ოპერატორ კომპანიასა და შენობის მფლობელ არაბულ „დაბი ჯგუფს" შორის ხელშეკრულება დღეს არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეიხის ნჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანის ვიზიტისას გაფორმდა. პროექტის მიხედვით, იმელის ყოფილი შენობა ისტორიულ იერ-სახეს შეინარჩუნებს, თუმცა მას უკან ახალი, 130-მეტრიანი შუშის კოშკი დაემატება. შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 40 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება, ხოლო სასტუმროს მშენებლობისას 100-ზე მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული.

„იმელის" ყოფილი შენობა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მდებარეობს, ამჟამად არაბულ "დაბი ჯგუფს" ეკუთვნის, რომელმაც შენობის 80%-იანი წილი კომპანია "კაპიტალ ვოსტოკისგან" 22 მლნ აშშ დოლარად 2008 წლის მარტში იყიდა. არაბი ინვესტორი რუსთაველზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობას გეგმავდა. არქიტექტურულ პროექტზე კონკურსიც გამოცხადდა, რომელშიც 7 ქართული და 2 უცხოური კომპანია მონაწილეობდა. თუმცა საბოლოოდ, 2010 წლის სექტემბერში კონკურსი ჩაიშალა.

სასტუმროების ცნობილი ბრენდი Millennium & Copthorne Hotels plc 1995 წელს რამდენიმე კომპანიის გაერთიანების შედეგად შეიქმნა. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით ფლობს, მართავს და ოპერირებს 100-ზე მეტ სასტუმროს.

 

კომენტარები