ინგლისის პრემიერლიგა

არსენ ვენგერის 900

ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა კიდევ ერთი მიღწევით გაიხარა: მისი ხელმძღვანელობით დედაქალაქურმა კლუბმა საიუბილეო, მე-900 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა!

„ეს რეკორდი, რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მაგრამ ძალიან გამიხარდებოდა იუბილე მოგებით რომ აღგვენიშნა,“ - განაცხადა ნორვიჩ სიტისთან ფრედ 3:3 დასრულებული მატჩის შემდეგ ვენგერმა. ბოლო წუთებზე ხელიდან გაშვებული გამარჯვების გამო ლონდონური კლუბი, შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩეს.

ფრანგი სპეციალისტი 1996 წლის 1 ოქტომბრიდან უცვლელად ხელმძღვანელობს „მეთოფეებს“. მის ხელში არსენალმა 1998, 2002 და 2004 წლებში ინგლისის პრემიერლიგა მოიგო, 1998, 2002, 2003 და 2005 წლებში ასოციაციის თასი აღმართა, 1998, 1999, 2002 და 2004 წლებში კი ინგლისის სუპერთასს დაეუფლა. ამას გარდა გუნდმა 2000 წელს უეფას თასის გათამაშების, ხოლო 2006 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.

მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 900 მატჩიდან არსენალმა 513 მოიგო, 215 კი ფრედ დაასრულა.

არსენ ვენგერი, რომელიც არსენალამდე სამშობლოში სტრასბურს და მონაკოს, ხოლო იაპონიაში ნაგოია გრამპუს ეითს წვრთნიდა, 1998, 2002 და 2004 წლებში ინგლისის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს, 2006 წელს კი ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

1998 წელს არსენ ვენგერი გახდა პირველი არაბრიტანელი მწვრთნელი, რომლის გუნდმა ერთ სეზონში მოიგო ჩემპიონატი და თასი. 2002 წელს მან ეს მიღწევა გაიმეორა.

2004 წელს მისმა არსენალმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა: პრემიერლიგა დაუმარცხებლად მოიგო, სულ კი კლუბის წაუგებელი სერია 49 მატჩამდე გაგრძელდა.

ლონდონის არსენალის 115-წლიან ისტორიაში ფრანგი სპეციალისტი ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელია.

კომენტარები