ოკუპირებული ტერიტორიები

ტიშკევიჩი გალში ჩაშლილი შეხვედრის შესახებ

“ამ ეტაპზე, ჩვენ არ შეგვიძლია ან დავადასტუროთ ან უარვყოთ დასავლეთ საქართველოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შესახებ ბრალდებები. ჩვენ განვაგრძობთ ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების მონიტორინგს, რათა ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოთ.” - აღნიშნული განცხადება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ანჟეი ტიშკევიჩმა Civil.ge - სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

24 აპრილს გალში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრის ჩაშლაზე საუბრისას ტიშკევიჩმა თქვა, რომ აღნიშნულ მექანიზმს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მისი თქმით, იგი მონაწილეებს ინციდენტების და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის საშუალებას აძლევს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვედრის შესაძლო განახლების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, აფხაზურმა მხარემ ანჟეი ტიშკევიჩი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა და გალში მის შეშვებაზე უარი თქვა, რაც შეხვედრის ჩაშლის მიზეზი გახდა. 

ტიშკევიჩის განცხადებით, ადმინისტრაციულ საზღვარზე თავისუფალი გადაადგილება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მთავარი საკითხია. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის რეჟიმი გამკაცრდა. ”ჩვენ თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებს რეგულარულად ვაყენებთ ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე.” - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

ანჟეი ტიშკევიჩმა აგრეთვე, განაცხადა, რომ შესაძლებლობლობის შემთხვევაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უფრო მეტ ფაქტების დამდგენ ვიზიტებს განახორციელებს აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე, კერძოდ, გალის რაიონში ბოლოდროინდელ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის კომენტირებისას თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის თაობაზე შეთანხმების გაფორმების შესახებ, ტიშკევიჩმა ევროკავშირის ოფიცილური პოზიცია დააფიქსირა. მისი თქმით, "ძალის გამოუყენებლობის პირობა იმ სახელმწიფოებმა უნდა დადონ, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და რომელთაც ამას ექვსპუნქტიანი შეთანხმება ავალდებულებს, კერძოდ საქართველომ და რუსეთის ფედერაციამ".

 

კომენტარები