უკრაინა

უკრაინის პროკურატურამ ტიმოშენკოს განცხადება უარყო

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ იულია ტიმოშენკოს განცხადება უარყო, რომლის თანახმად ყოფილ პრემიერ-მინისტრს სხეულზე დაჟეჟილობები ხელით აქვს მიყენებული.

პროკურატურის თანამშრომლის, ვადიმ გორანის თქმით, ტიმოშენკოს სხეულის დაზიანება სავარაუდოდ  მყარი საგნის დარტყმამ ან მყარ საგანთან შეჯახებამ გამოიწვია. მისივე განცხადებით, ყოფილ პრემიერს მუცლის არეში ჰემატომა 20 აპრილს არ გასჩენია, როგორც ამას აქამდე თავად ტიმოშენკო ამტკიცებდა.

ცოტა ხნის წინ უკრაინულმა მედიამ ფოტოსურათები გაავრცელა, სადაც ტიმოშენკო თავისი დაჟეჟილობების დემონსტრირებას ახდენს. ყოფილი პრემიერის თქმით, სხეულის დაზიანება მან კოლონიიდან საავადმყოფოში გადაყვანისას მიიღო. მისი განცხადებით, მას სცემეს, როდესაც კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის შემდეგ, რომელმაც ფედერაციის მინისტრებს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ბოიკოტისაკენ მოუწოდა, ტიმოშენკოს მხარი ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა ნორბერტ როტგენმაც დაუჭირა. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებმა თავიანთი განცხადებების მოტივად ის მძიმე ვითარება დაასახელეს, რომელშიც ამჟამად უკრაინის ყოფილი პრემიერი იმყოფება.

გერმანული გამოცემის, „Spiegel“ - ის ინფორმაციით, მერკელი უკრაინაში, რომელიც  ევრო-2012-ს მასპინძლობს, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავა, თუ ტიმოშენკოს გაათავისუფლებენ. 

კომენტარები