ლიტვა-საქართველო

კუბილიუსი: საქართველო მზადაა ევროპული მომავლისთვის

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიტვის პრემიერ-მინისტრს ანდრიუს კუბილიუსს შეხვდა.

ერთობლივ პრესკომფერენციაზე კუბილიუსმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე ქვეყნის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ, მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი განცხადებით, საქართველო მომზადებულია იმისათვის, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით შემდგომი ნაბიჯები გადადგას. 

კუბილიუსმა აღნიშნა, 2013 წლის მეორე ნახევარში ლიტვა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება  და ამ პერიოდში შესაძლოა, უკვე დასრულდეს საქართველო-ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები უვიზო მიმოსვლაზე, თავისუფალ ვაჭრობასა და ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე. 

„როცა აქ ჩამოვდივართ, თქვენგან ბევრს ვსწავლობთ. თქვენ გაატარეთ წარმატებული რეფორმები. საქართველოში საუკეთესო ბიზნეს გარემოა, ზოგიერთ უწყებაში საერთოდ არ არის კორუფცია. ეს ის გამოცდილებაა, რომელიც გვსურს გავიზიაროთ. მიმაჩნია, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც მზადაა, რომ მისი მომავალი ევროკავშირში იყოს.“ - განაცხადა ლიტვის პრემიერ-მინისტრმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ლიტვა ტერმინს „სამხრეთ ოსეთი“ აღარ გამოიყენებს. ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, ყველა ოფიციალურ დოკუმენტში ოკუპირებული ქართული ტერიტორია ცხინვალის რეგიონად იქნება მოხსენიებული. განცხადება ამის შესახებ ლიტვის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. 

 

 

კომენტარები