აშშ

ბაიდენმა რომნი „ცივი ომისაკენ“ სწრაფვაში დაადანაშაულა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის აზრით, მიტ რომნის შეხედულებები  აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით რეალობას მოწყვეტილია. ნიუ იორკის უნივერსიტეტში გამოსვლისას მან  გაიხსენა რომნის ცნობილი განცხადება, რომლის მიხედვით  რუსეთი შეერთებული შტატების ნომერ პირველი გეოპოლიტიკური მტერია და თქვა: „იმ შემთხვევაში თუ რომნი პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს, აშშ წარსულში დაბრუნების საფრთხის წინაშე დადგება, რაც უკანასკნელ წლებში მიღწეულ წარმატებებს ხაზს გადაუსვამს.“

ბაიდენმა რომნი  აშშ-რუსეთის ურთიერთობების „ცივი ომის“ პერიოდში დაბრუნებისაკენ სწრაფვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის  ბრძოლაში ჩაბმული რესპუბლიკელების კანდიდატი   მოვლენებს 1950 წლის „ცივი ომის“ გადასახედიდან აფასებს.

ვიცე-პრეზიდენტის შეხედულებით, იმ  პოლიტიკის გამო, რომელსაც აშშ ბარაკ ობამას პრეზიდენტობამდე ახორციელებდა, ქვეყანა არაერთხელ დარჩენილა მოკავშირეების გარეშე.

ბაიდენის თქმით, ობამას „ფრთხილმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა“ აშშ-ს საშუალება მისცა  შეცდომები გამოესწორებინა. „ჩვენ ურთიერთობები საერთო ინტერესების საფუძველზე დავამყარეთ რუსეთთან, ჩინეთთან, ბრაზილიასთან, თურქეთთან. სწორედ ეს ურთიერთობები უწყობს ხელს  აშშ-ს უსაფრთხოებას.“ - აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.

ბაიდენმა რომნის აგრეთვე, ბრალი დასდო იმაში, რომ მას არ აღელვებს ისეთი საკითხები, როგორიც მაგალითად, აშშ-ს ჯარის ავღანეთიდან გაყვანაა.

 

კომენტარები