ფეხბურთი

დელ ბოსკე კიდევ 2 წლით

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა: ის გუნდის სათავეში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩება.

გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც 2008 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობს ნაკრებს, წლევანდელი ევროპირველობის შემდეგ უნდა წასულიყო, თუმცა ფედერაციაში მისი ნაკრებში დარჩენა საჭიროდ ჩათვალეს.

ვისენტე დელ ბოსკე, ვინც თავის დროზე მადრიდის რეალის ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი იყო, სამხრეთ აფრიკაში ორი წლის წინანდელი ტრიუმფის მთავარი შემოქმედია: ესპანელებმა მისი ხელმძღვანელობით პირველად მოიგეს ფიფას ოქროს თასი. ამას გარდა, გუნდმა 2009 წელს, ფიფას კონფედერაციის თასზე მესამე ადგილი დაიკავა.

გასაოცარია დელ ბოსკეს ნაკრების სტატისტიკა: ესპანელებმა მისი თავკაცობით ჩატარებული 51 მატჩიდან 43 მოიგეს და მხოლოდ 6-ჯერ დამარცხდნენ. ბრწყინვალეა ბურთების შეფარდებაც: 128-40.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა ბრაზილია 2014-ის საკვალიფიკაციო ტურნირში. ჩვენი გუნდი ვისენტე დელ ბოსკეს ნაკრებს წელს, 11 სექტემბერს უმასპინძლებს, გაისად, 15 ოქტომბერს კი სტუმრად გაეჯიბრება.

კომენტარები