კინო, იუბილე, რაულ ვალენბერგი

ერთ ადამიანს შეუძლია შეცვალოს სამყარო

იერუსალიმში არსებობს კატასტროფის მუზეუმი, იად ვაშემი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ დახოცილი ებრაელების ხსოვნას ეძღვნება. მას გარს არტყია ქუჩა „კეთილმორწმუნეთა გამზირი“, რომელიც 600 ხითაა შემოფარგლული. ისინი იმ არაებრაელთა პატივსაცემადაა დარგული, რომლებმაც ებრაელები, ნაცისტების კლანჭებიდან იხსნეს. ერთ-ერთი ხე რაულ ვალენბერგის სახელს ატარებს.

დღეს ევროპის სახლში გაიმართა ფოტოგამოფენა და სემინარი, რომელიც შვედი დიპლომატის, რაულ ვალენბერგის 100 წლისთავს მიეძღვნა. „ერთ ადამიანს შეუძლია შეცვალოს სამყარო“ - ასეთი იყო დღევანდელი შეკრების თემა, რომელზეც უნგრეთის, შვედეთის  და ისრაელის მოწვეულმა ელჩებმა, სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და ვალენბერგის ინსტიტუტის დირექტორმა მარი ტუმამ შვედი დიპლომატის და მისი ღვაწლის შესახებ, კიდევ ერთხელ ისაუბრეს.

მას მერე, რაც 1944 წელს ვალენბერგი ბუდაპეშტში, შვედეთის დიპლომატიური მისიის მეორე მდივნად დაინიშნა, მისი უმთავრესი საქმიანობა ებრაელთა გადასარჩენი ოპერაციის ხელმძღვანელობა გახდა. სპეციალურად ებრაელთათვის შექმნილი შვედური პასპორტებით მან მოახერხა სიკვდილისგან გადაერჩინა ათობით ათასი ებრაელი.  

დღეს, მთელს მსოფლიოში ვალენგერგისადმი მიძღვნილი არაერთი ძეგლი და მემორიალი არსებობს. მასზე არაერთმა რეჟისორმა გააკეთა ფილმი. ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ კი კიელ გრედეს  „საღამო მშვიდობისა, ბატონო ვალენბერგ“, დღეს თბილისელმა მაყურებელმაც ნახა. 2 საათის მანძილზე, ეკრანზე მოჩანდა ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გაწირა, უსამართლობის და გენოციდის დროს ადამიანთა გადასარჩენად.

რაულ ვალენბერგი, 1945 წლის იანვარში ბუდაპეშტში, საბჭოთა სამხედროებმა დააკავეს. რის შემდეგაც, ის აღარავის უნახავს.

 

კომენტარები