კალატბურთი

სამმაგი დოზა

რაჟონ რონდომ მაიამისთან სამმაგი დუბლი დასვა. ლებრონის, უეიდის, ბოშის ბანდასთან სელტიქსის ლაწირაკმა ფლეიმეიქერმა 16 ქულა, 14 პასი და 11 მოხსნა აიღო. რონდო მაგარი ბიჭია. მიმდინარე რეგულარულში რაჟონს ხუთი ტრიპლ დაბლი აქვს. ადრე სამმაგებს უფრო შანსიანად აკეთებდნენ. მეჯიქის, ბერდის, მისტერ ჯორდანის დროს. ძველი ბიჭებიდან სამმაგად ცელქობდნენ ოსკარ რობერტსონი და უილტ ჩემბერლენი.

რობერტსონმა ოსკარი ადრე, 1961/62-ში დაირტყა – სეზონი სამმაგი დუბლით (30.8+12.5 მოხსნა+11.4 პასი) დახურა. იმ სეზონში ოსკარმა 41 ტრიპლ დაბლი დატოვა. ორი რეკორდი. უეინ გრეცკის რეკორდებივით რეკორდი.

უილტ ჩემბერლენმაც სერიოზული, უნიკალური, ორმაგი სამმაგი დუბლი დატოვა – 22 ქულა, 25 მოხსნა, 21 პასი. 1968, უილტის მეორე სამმაგი სერია – ზედიზედ 9 ტრიპლი და 75 ორმაგი.

კარიერულ სამმაგებში პირველ ათეულს კრავენ რობერტსონი (181, ცინცინატი, მილუოკი), მეჯიქ ჯონსონი (138, ლეიკერსი), ჯეისონ კიდი (106, დალასი, ფინიქსი, ნიუ ჯერსი, დალასი), ჩემბერლენი (78, ფილადელფია, სან ფრანცისკო, ფილადელფია, ლეიკერსი), ბერდი (59, ბოსტონი), ფეტ ლივერი (43, პორტლენდი, დენვერი, დალასი), ლებრონ ჯეიმსი (31, კლივლენდი, მაიამი), ჯონი ჰავლიჩეკი (30, ბოსტონი), გრანტ ჰილი (29, დეტროიტი, ორლანდო, ფინიქსი), მაიკლ ჯორდანი (28, ჩიკაგო, ვაშინგტონი).

მოქმედებში კიდი, ჰილი და ლებრონი სხედან. ჯეისონი და გრანტი იშლებიან, ორმოცი წლის ბიძები სამმაგებს ვერ აკეთებენ და ყველაზე მაგარი ტემპით ტრიპლებს რონდო და ჯეიმსი აგროვებენ.

სამმაგი აქვს კობი ბრაიანტს, 16 – კევინ გარნეტს, 12 – ლამარ ოდომს და 11 – კრის პოლს.

ტიმ დანკანი ათამდეც ვერ ქაჩავს და ფლეი-ოფში 4 სამმაგი აკრიფა. ტიმიმ ერთი სუპერტრიპლი დასვა, 9 წლის წინ, სუპერფინალში ნიუ ჯერსისთან. იმ ნეთსში კიდი, დიკემბე მუტომბო და კენიონ მარტინი იდგნენ. დანკანმა სერიის მეექვსე გარჩევაში 22 ქულა, 20 მოხსნა, 10 პასი და 8 დაფარება ჩაუშვა სან ანტონიოს ზურგჩანთაში. ტიმიმ ნიუ ჯერსი აჭრა.

ფლეი-ოფში სამმაგის აღება უფრო რთულია. რეგულარულში მსაჯები რაღაცებს ატარებენ. რეგულარულში სამწამიანშიც უფრო მშვიდად გატარებენ.

ფლეი-ოფში პირველზე მეჯიქი ზის – 13 სეზონში 30 ტრიპლი ძალიან სერიოზულია. მერე მოდიან კიდი (11), ბერდი (10), ჩემბერლენი (9), რობერტსონი (8), ლებრონი (6), რონდო (6), ჰავლიჩეკი (5).

ლებრონი ყველა გარჩევაში პოტენციური ტრიპლია. კევინ დიურანმა პასებში წელს აკრიფა და დიდი შანსია, ლებრონის ზონაში შევიდეს. ჯერ ადრეა, მაგრამ სან ანტონიოს პირველწლიანი ბავშვი, კაუი ლეონარდიც სადღაც იქვე, დიდ ბიჭებთან იმოძრავებს. რონდოც.

ადრე ტრიპლებს უფრო გემოვნებით, სხვა გემოთი აკეთებდნენ. დღეს ტრიპლ დაბლი კონტრაქტის, საერთო საქმის ელემენტია.

 

კომენტარები