პოლ სეზანი

სერბეთში სეზანის მოპარულ ტილოს მიაგნეს

პოლ სეზანის ტილო „ბიჭი წითელ ჟილეტში“, რომელიც 2008 წელს ციურიხის მუზეუმიდან მოიპარეს, სერბეთში აღმოაჩინეს. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით ბელგრადში სამი ეჭვმიტანილი დააკავეს.

 მე–19 საუკუნის მიწურულს შექმნილ ნახატზე იტალიურ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ბიჭია გამოსახული. ზეთში შესრულებული სურათი 68 მილიონ ევროდაა შეფასებული.

 სეზანის ტილო ციურიხის მუზეუმიდან ედგარ დეგას, ვან გოგის და კლოდ მონეს ნამუშევრებთან ერთად მოიპარეს. მოპარული ნახატების საერთო ღირებულება 112 მილიონ ევროს შეადგენს, რაც შვეიცარიის ისტორიაში ყველაზე მსხვილ ძარცვად ითვლება.

 პოლიციამ გატაცებული ნახატების ნაწილს მძარცველების მიერ მიტოვებულ ავტომობილში მალევე მიაგნო. სამართალდამცავები იმედოვნებენ, რომ ახლახან დაკავებული პირების საშუალებით ისინი მიაგნებენ კიდევ ერთ დაკარგულ ხელოვნების ნიმუშს – დეგას ტილოს „ლუდოვიკ ლეპიკი და მისი ქალიშვილი.“

სეზანის სურათის „ბიჭი წითელ ჟილეტში“ სამი სხვადასხვა ვერსია ამერიკის მუზეუმებშია დაცული.

 

კომენტარები