საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ დელტაში

საქართველოს პრეზიდენტი დღეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ დელტას ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი საწარმოო პროცესს გაეცნო და ადგილზე აწყობილი სამხედრო ნაწარმი დაათვალიერა. პრეზიდენტს ის ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობებიც გააცნეს, რომელიც ქარხანას აქვს. იგი საწარმოს პერსონალსაც შეხვდა და მათ ამ წარმოებისა და, ზოგადად, საინჟინრო ტექნოლოგიის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ეს ქარხანა, ისევე როგორც სხვა საწარმოები, არის არა მარტო დასაქმების წყარო, არამედ საქართველოს ეკონომიკის, ტექნოლოგიების და ინდუსტრიის განვითარების საფუძველიც. მისი თქმით, მაღალტექნოლოგიური განვითარების მქონე ქვეყნების მსგავსად, საქართველომ უკვე შეძლო სამხედრო ტექნიკის წარმოება, რაც უმთავრესი ფაქტორია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის. "ანტისატანკო იარაღს არავინ გვაძლევდა. 2008-მდე ყველას ვეხვეწებოდით. ახლა არც გვჭირდება ყიდვა, ჩვენი გვაქვს, ჩვენი გამოვუშვით, რომელიც ორჯერ უფრო იაფი გვიჯდება. დარწმუნებულები ვართ, რომ კარგად ვიმუშავებთ და ანტისაჰაერო სისტემასაც ავაწყობთ", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში წარმოებულ უპილოტო საჰაერო სისტემას გაეცნო. გავრცელებული ცნობებით, ახალი სისტემის გამოცდა ურთულეს რელიეფურ და კლიმატურ პირობებში მოხდა. საქართველოში წარმოებულ უპილოტო სისტემას შემდეგი ტექნიკური მახასიათებლები აქვს: ფრენის ხანგრძლივობა – 8 საათი, ფრენის სიმაღლე – 100-3000 მეტრი, სიჩქარე – 60-160 კმ/სთ, სასარგებლო ტვირთი - ორკამერიანი ვიდეოპლატფორმა, ფოტოკამერა, თერმული კამერა და ინფრაწითელი კამერა.

 

კომენტარები