პრაიმერი ამერიკაში

რიკ სანტორუმი პრაიმერის რბოლას გამოეთიშა

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობისთვის ბრძოლის გაგრძელებაზე რიკ სანტორუმმა მოულოდნელად უარი თქვა. ანალიტიკოსების შეფასებით, საკუთარი გადაწყვეტილებით მან გზა გაუხსნა ყველაზე რეალურ კანდიდატს - მიტ რომნის. სავარაუდოდ, რესპუბლიკური პარტიის სახელით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას სწორედ რომნი მიიღებს.

 

პენსილვანიის ყოფილმა სენატორმა სანტორუმმა თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა სამი წლის შვილმა ბელამ ფილტვების ანთება გადაიტანა და საავადმყოფოდან გამოწერეს. ბელას იშვიათი ტიპის ქრომოსომული დარღვევა აქვს, ამიტომ უბრალო ფილტვების ანთებაც მის სიცოცხლეს დიდ საფრთხეს უქმნის.

 

ანალიტიკოსების შეფასებით, სანტორუმის გადაწყვეტილება დროული იყო. ბოლო პერიოდში სანტორუმი რომნის მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა და მაღალი იყო იმის რისკი, რომ საკუთარ შტატში - პენსილვანიაშიც დიდი სხვაობით დამარცხებულიყო. პენსილვანიამ საკუთრი არჩევანი თვის ბოლოს უნდა გააკეთოს. რომნიმ წარმატება უკვე არაერთ შტატში მოიპოვა - მათ შორის, ვისკონსინში, მერილენდში და კოლუმბიის ოლქში, რომლის ტერიტორიაზეც არის ქვეყნის დედაქალაქი.

 

სანტორუმის გადაწყვეტილებამ ბევრის აზრით პრაიმერის შედეგი არაოფიციალურად უკვე განსაზღვრა: მართალია რომნიმ ჯერ კიდევ თავი უნდა მოუყაროს 1,144 დელეგატს იმისთვის, რომ რესპუბლიკური პარტიის ნომინაცია საბოლოოდ მოიგოს, თუმცა ყველა შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დარჩენილმა პრეტედენტებმა - ნიუტ გინგრიჩმა და რონ პოლმა მას სერიოზული კონკურენცია გაუწიონ.

კომენტარები