U17 ევრო 2012: ელიტ-რაუნდი

საქართველო 1:1 ესპანეთი

დღეს საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის პირველ შეხვედრა ჩაატარა: ესპანეთის ნაკრებთან ფრედ 1:1 ითამაშა.
ვასილ მაისურაძის გუნდი მატჩის დაწყებისთანავე დაწინაურდა: მე-2 წუთზე სტუმართა კაპიტანმა ივან საესმა საჯარიმოში ხელით ითამაშა, პენალტი კი ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა გოლად აქცია - 1:0.

ესპანეთის ნაკრებმა შესვენების შემდეგ გაათანაბრა ანგარიში: 55-ე წუთზე იმავე საესმა შეცდომა გამოასწორა და კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავური დარტყმით გადაგზავნა კარში - 1:1.

მეორე გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა: ივან კალეროს დარტყმული ბურთი მე-13 წუთზე ძელს მოხვდა; ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გიორგი პაპუნაშვილმა მცველებს აჯობა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, თუმცა მცირედით ააცილა; შესვენების შემდეგ ალეკო მზევაშვილი მოხდენილად გაცდა ორ მეტოქეს, მაგრამ მეკარემ ივარგა; თამაშის მიწურულს კი საქართველოს ნაკრების მეკარემ ალექსანდრე ადამიამ ურთულესი ბურთი მოიგერია - პირისპირ გასულ ალვარო ბუსტოსს აჯობა.
ჟურნალისტებს მხოლოდ ჩვენი გუნდის თავკაცი ვასილ მაისურაძე შეხვდა:

...ამ ასაკში შეცდომა ყველა გუნდს მოსდის და ვეცადეთ, მეტოქის უყურადღებობა მაქსიმალურად გამოგვეყენებინა - დასაწყისში ნამდვილად გაგვიმართლა.

...მთლიანობაში, ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ: იმის გათვალისწინებით, რომ ბიჭები ასეთ დიდ სტადიონზე თამაშს მიუჩვეველნი არიან, პირველი შეხვედრის კვალობაზე, მაქსიმალურად დაიხარჯნენ.

...აბურჯანია იძულებით შევცვალეთ, რაც შეეხება ჩვენს საუკეთესო ბომბარდირ დავით ჯიქიას, მას მეტი შეეძლო, თუმცა უკმაყოფილო არ ვარ.

...ინგლისის ნაკრებთან არანაკლებ რთული დაპირისპირება გველის - ძლიერი გუნდია, ინდივიდუალურად და ფიზიკურად, ჩინებულად მომზადებული მოთამაშეები ჰყავს, ასე რომ, კვლავ ბოლო წუთამდე ბრძოლა მოგვიწევს.

პირველი ტურის მეორე მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართა ინგლისის და უკრაინის ნაკრებებს შორის.
ჩვენი 17-წლამდელები მომდევნო შეხვედრაში ინგლისელებს დაუპირისპირდებიან. მატჩი 28 მარტს კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

26 მარტი, 2012. ევრო 2012 - ელიტ-რაუნდი. თბილისი, მიხეილ მესხი. 2500
საქართველო 1:1 ესპანეთი

გოლები: 1:0 ჭ.ჭეჭელაშვილი (2, პენ), 1:1 ი.საესი (55)

საქართველო: ალექსანდრე ადამია, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ნიკა ჭანტურია, გიგა სამხარაძე, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი აბურჯანია (კაპ) (გიორგი გოროზია 30), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკა ახვლედიანი (არჩილ მესხი 50), დავით ჯიქია (ვანო წილოსანი 60), ალეკო მზევაშვილი

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

ესპანეთი: რ.ბლანკო, ე.ბელერინი, ა.გრიმალდო, ი.საესი (კაპ), ს.სამპერი, ს.კასტილიეხო (დ.იგლესიასი 50), ბ.სანჩესი (ა.ხ.კოტანი 65), ი.კალერო, ა.სერანო (ხ.ხ.არხესი 41), ა.ბუსტოსი, ხ.სანჩესი

მწვრთნელი: სანტიაგო დენია

გაფრთხილება: ე.ბელერინი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ა.ხ.კოტანი, არჩილ მესხი, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, ალეკო მზევაშვილი

მსაჯები: კ.რაიხი (ლუქსემბურგი); კ.დე კაროლისი (ლუქსემბურგი), ვ.დობრიანოვი (ბულგარეთი)

 

 

კომენტარები