ეროვნული უშიშროების საბჭო

ბათუ ქუთელია: ალასანიას ბრალდება აბსურდულია

 უშიშროების საბჭოში კომენტარი გააკეთეს  ”თავისუფალი-დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას მიერ გადაგზავნილ მასალასთან დაკავშირებით. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ  მას აბსურდული უწოდა.

ალასანიამ გუშინ განაცხადა, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტა საჯარო არ გაეხადა მის ხელთ არსებული ინფორმაცია სამეგრელოს რეგიონში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ და ის რეაგირებისთვის უშიშროების საბჭოს გადაუგზავნა.

ბათუ ქუთელიამ ტაბულასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ირაკლი ალასანიას მიერ მიწოდებული ინფორმაცია ”არის აბსურდული, ისევე როგორც აბსურდულია ბრალდება , რომ საქართველოს ხელისუფლება ქმნის უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს, ისევე როგორც აბსურდულია იმის წინასწარმეტყველება, რომ საქართველოში მოვლენები განვითარდება სირიის სცენარით.” ბათუ ქუთელიას თქმით, უშიშროების საბჭოში მიღებული ინფორმაცია შეიცავს სახელებს და გვარებს მოქმედი პოლიციელების, მათ შორის მაღალჩინოსნების, მოქმედი სამხედროების და თადარიგში გასული სამხედროების. ” რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ ინფორმაციაზე შეუძლებელია.”-აღნიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ და დასძინა: ” პირები, რომელთა სახელებსა და გვარებსაც შეიცავს ალასანიას მიერ მოწოდებული მასალა, ასრულებენ თავის სამსახურეობრივ მოვალეობას. საქართველოში არსებობს არმია, პოლიცია და რეზერვი. სხვა არანაირი არაფორმალური დანაყოფები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს და აღარც იარსებებს.”

ირაკლი ალასანიამ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით სამეგრელოში ” უკანონო შეიარაღებული ფორმირებების” შექმნა ბაჩო და დათა ახალაიებს, აგრეთვე როლანდ ახალაიას დაავალეს, მათ კი ადგილზე, ” შეიარაღებული ჯგუფების” კურირებისთვის საჭირო ხალხის მობილიზება მოახდინეს. ალასანიამ თქვა, რომ ლაპარაკი არაა რეზერვზე და დასძინა: "სამწუხაროდ, ეს დაჯგუფებები, ექვემდებარებიან კონკრეტულ სამართალდამცავ ძალებს და არა შეიარაღებულ ძალებს. მათი ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებზე მოსახლეობას არ მისცენ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება და არ მოხდეს კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა.” თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიმ ბრალდებას გუშინ უპასუხა. მან ”თავისუფალი-დემოკრატების” ლიდერს ურჩია ”შეეშვას ბოდვას” და განმარტა, რომ რამდენიმე თვეა საქართველოში იქმნება სარეზერვო სისტემა, მასში გაწევრიანება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, სარეზერვო სამსახურების ჩამოყალიბება კი ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მყოფი რეგიონიდან დაიწყო.

 

კომენტარები