გამოგონება

SpeechJammer: ლაპარაკის ჩამხშობი ბლასტერი

გასულ კვირას ორმა იაპონელმა მეცნიერმა, კაცუტაკა კურიჰარამ და კოჯი ცუკადამ, სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა. წიგნის აღწერაში წერია, რომ ისინი ფართო საზოგადოების წინაშე წარადგენენ მოწყობილობას, ე.წ. SpeechJammer-ს, რომელსაც ადამიანის გაჩუმება შეუძლია. მოწყობილობა სამეცნიერო ფანტასტიკურ რომანებში აღწერილ ბლასტერს წააგავს და მისი მოხმარების ინსტრუქცია ერთი მარტივი მოქმედებისგან შედგება. საკმარისია აბეზარი სიჩუმის დამრღვევის მისამართით მივმართოთ და ჩახმახს თითი გამოვკრათ, რომ ტექნოლოგიური „მაგიის” წყალობით ამ უკანასკნელს ენა დაებმება და ლაპარაკის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.

იაპონელების განმარტებით, მათი გამოგონება ადამიანს ფიზიკურ ზიანს არ აყენებს. ის ეფუძნება ფენომენს, რომელიც კარგა ხანია შენიშნეს ფსიქოლოგებმა და მედიკოსებმა და კოგნიტიურ ფუნქციონალობას უკავშირდება. როცა ადამიანი ლაპარაკობს, ის არა მხოლოდ წარმოქმნის ბგერების ნაკადს, არამედ მოიხმარს კიდეც მათ (სწორად ამის გამო უადვილდებათ მომღერლებს ყურსასმენებით სიმღერა), თუმცა თუ წარმოქმნილი და აღქმული ბგერების ნაკადს შორის მცირე წანაცვლება მაინც არის დროში, ადამიანი ვეღარ ახერხებს საუბრის გაგრძელებას და იწყებს ბლუყუნს. ამ ფენომენს დაყოვნებული სმენითი უკურეაქცია ეწოდება (Delayed Auditory Feedback) და მას ექიმები ენაბრგვილობის თერაპიის მიზნით იყენებენ.

კაცუტაკა კურიჰარას და კოჯი ცუკატას გამოგონება იმითაა საინტერესო, რომ მას ჭეშმარიტი ბლასტერის იერსახე აქვს. ის აღჭურვილია ლაზერული სამიზნით და ჩახმახით, რომელსაც მოწყობილობა მოქმედებაში მოჰყავს. გააჩნია მიმართული მიკროფონი, რომელიც 30 მეტრის რადიუსში იწერს ადამიანის მიერ წარმოქმნილ ბგერებს. ასევე სპიკერი, რომელიც მყისიერად, წამის მეათედის დაყოვნებით უბრუნებს უკან ელექტრომაგნიტური ტალღების ნაკადს მას, ვინც გვსურს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადუმდეს. დროში წანაცვლება ადამიანის ტვინში ბგერების ინტერფერენციას იწვევს და ის ვეღარ ახერხებს საუბრის გაგრძელებას, რის შედეგადაც სრული სიჩუმე გარანტირებულია.

ხმის ჩამხშობი ბლასტერის ფართო გამოყენებით მრავალი ტექნოლოგიური გამოცემა დაინტერესდა. უკვე დასახელდა კიდეც ადგილები, სადაც იაპონელთა გამოგონებას ძალიან ფართოდ გამოიყენებენ. კერძოდ, საუბარია საჯარო ბიბლიოთეკებზე, სასამართლოს დარბაზებზე, თუ სამოქალაქო ტრანსპორტზე. ახალი სათამაშოთი აღტყინებული ტექნომანები წერენ, რომ ამიერიდან საჭირო აღარ იქნება სიჩუმის შენარჩუნებისკენ მოწოდება და ხელის ერთი მოძრაობით დისტანციურად გახდება შესაძლებელი ადამიანის გაჩუმება, რაც, შემქმნელთა განცხადებით, ძალიან ბევრ პრობლემას ააშორებს ადამიანებს თავიდან. საინტერესოა ისიც, რომ მოწყობილობის სიმარტივის გამო, შემქმნელები მის დაპატენტებას არ აპირებენ. ახლო მომავალში ნებისმიერ კომპანიას შეეძლება გამჩუმებელი „თოფების” წარმოება.

რამდენად ფართო მოხმარება ექნება Speech-Jammer-ს, ამის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა თუ შეიძლება. თუმცა ერთი რამ უდავოა: საჯარო ბიბლიოთეკებში ახლო მომავალში ლაპარაკის ჩამხშობი ბლასტერით შეიარაღებულ სიჩუმისდამცველ ოფიცრებს ვიხილავთ, რაც თავისი არსით არ უნდა იყოს ცუდი იდეა.

კომენტარები