დღესასწაულები

სააკაშვილმა აზერბაიჯანლებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანლები გაზაფხულის ბუნიაობის დღეს, ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ. ეს დღესასწაული მათ საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა.

 "ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, ჩემო აზერბაიჯანელებო, ნოვრუზ ბაირამი ჩემთვის ისეთივე ახლობელი და ძვირფასია, როგორც ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული საქართველოში. ამ დღეს მეც თქვენთან ერთად ვხარობ და იმედის თვალით შევყურებ ჩვენი სამშობლოს მომავალს. ნოვრუზობა ოჯახური დღესასწაულია და მეც, როგორც თქვენი ოჯახის წევრი, ვიზიარებ იმ სიხარულს, რომელიც ნოვრუზ ბაირამის დადგომას უკავშირდება.

ვამაყობ, რომ ჩვენ ვქმნით საქართველოს ერთიან სახელმწიფოს, რომელშიც ყველა კულტურის, აღმსარებლობისა და ეთნოსის წარმომადგენელი თავს მის სრულფასოვან შვილად გრძნობს. ჩვენ ერთად ვაშენებთ ამ ქვეყანას და ყოველი ჩვენგანი მზადაა მისთვის თავი გაწიროს. შემთხვევითი არ არის, რომ ამ დღესასწაულის შესახებ საქართველოს ყველაზე დიდ წიგნში, „ვეფხისტყაოსანშიც“ არის აღწერილი.ეს დღე ძვირფასია არა მარტო საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, არამედ მსოფლიო კულტურისა და ცივილიზაციისათვის. 21 მარტი იუნესკოს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო დღესასწაულად და კულტურულ მონაპოვრად გამოაცხადა.გულწრფელად გილოცავთ ამ საერთო ეროვნულ დღესასწაულს და თითოეულ თქვენგანს წარმატებებს, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ"- ნათქვამია მისალოც მიმართვაში. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2010  წელს ნოვრუზ ბაირამი საერთო ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადაა. ტრადიციულად დღესასწაულის აღნიშვნა კულმინაციას 21 მარტს აღწევს. ამ დღეს იშლება სუფრა და სრულდება რიტუალები. ეთნიკური აზერბაიჯანლები ნოვრუზ-ბაირამის აღნიშვნით ახალ წელს და გაზაფხულს ოჯახის კეთილდღეობას სთხოვენ.

 

 

კომენტარები