ზვიად კვარაცხელია

ერთი მწიკვი სიმართლე ანუ ახალგაზრდა ავტორის ექსპედიცია 90-იანებში

ახლახან გამოიცა ზვიად კვარაცხელიას ნოველების კრებული 'ყიფლიბანდი' (გამომცემლობა 'ინტელექტი'), რომელიც საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითარებულ მოვლენებს ეხება და უპირველესად იმით გამოირჩევა, რომ ისტორიული სინამდვილის მხატვრულ ანალიზსა და შეფასებას მწერალთა ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი გვთავაზობს. მასში გაერთიანებულია ავტორის მიერ სხვადასხვა პერიოდში დაწერილი 25 ნოველა. გამოცემას ახლავს წინასიტყვაობა, სადაც წიგნის რედაქტორი ნინო სადღობელაშვილი აღნიშნავს: 'ზვიად კვარაცხელიას ახალი წიგნი შიშსა და იმედზეა. საშიშია, როცა გახლეჩილი, ორ ნაპირად ქცეული ქვეყნის შვილი ხარ; როცა ყოველ მხარეს, საითაც არ უნდა გააწვდინო მთხრობელის თვალი, თავისი სიმართლე აქვს და სიმართლის სახელით ატეხილი შინაომი თავადაა ამქვეყნად ყველაზე მრისხანე უსამართლობის საწინდარი. საშიშია, როცა ადამიანად ქცევის – მწიფობის პროცესი ისე გვიანდება, სულიდან ჯერ ყიფლიბანდიც არ აგშრობია, ვერა და ვერ გამოგიღწევია იმ მყიფე გარსიდან, რომელიც ამ პროცესს მუდმივად აფერხებს'.

'ყიფლიბანდის' წარსადგენად მის ავტორს, ზვიად კვარაცხელიას გავესაუბრეთ:

– როგორ აისახა XX საუკუნის 90-იანი წლები თქვენზე და როგორ გახდა ნოველების კრებულის მთავარი თემა?

– თავიდან, როცა რამდენიმე ნოველა დაიწერა და ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოქვეყნდა, სიმართლე გითხრათ, ვერც ვიფიქრებდი, საბოლოოდ ასეთ სახეს თუ მიიღებდა. უბრალოდ, მინდოდა „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი“ გამეცოცხლებინა სამეგრელოს სისხლიანი ქრონიკიდან – თავისი ადამიანური ვნებებითა და ტკივილებით, ზედმეტი პუბლიცისტურობის გარეშე. რა თქმა უნდა, ძნელია აუღელვებლად მოყვე ის ამბები, რამაც, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ჩვენზე – რადიკალურად შეგვიცვალა ბავშვობა. შეცვლილიც არ ეთქმის, ესაა უფრო წაშლილი ბავშვობა. ადგნენ და წაშალეს. სამაგიეროდ, წლების მანძილზე ცდილობდა ერთი მხარე მეორისთვის, ერთი ადამიანი – მეორე ადამიანისთვის ყველა უბედურების გადაბრალებას და უმეტესობა გაურბოდა თავის წილ პასუხისმგებლობას. ამ ტრაგიკულ მოვლენებზე ბევრი რამ დაიწერა პრესაში, წიგნადაც გამოიცა და საჯარო დებატებიც არაერთხელ მომისმენია, რომელიც პირად ანგარიშსწორებას, ერთმანეთისთვის 'ძველი ცოდვების' შეხსენებას უფრო ჰგავს. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზე აქტიური მსჯელობისას, ჩვენ ხშირად გვავიწყდება უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანები, რომელთა თავზეც რბევამ და ქარიშხალმა გადაიარა და სამუდამოდ დაასახიჩრა როგორც ფიზიკურად, ისევე სულიერად...

– თქვენი პერსონაჟების ნაწილი ერთი ნოველიდან მეორეში გადადის, რითაც მკითხველს ნაცნობი სახეების სხვადასხვა სიტუაციაში, მდგომარეობაში დანახვისა და წარმოდგენის საშუალებას აძლევს. ვინ არიან ისინი? რეალურნი თუ გამოგონილნი?

– პერსონაჟების 'მსვლელობაც' ბუნებრივად მოხდა, წინასწარ განზრახული არ მქონია. არც მათი გამოგონება დამჭირვებია, ზოგიერთი მათგანი დიდი ხანია მაწვალებდა. ყველაფერი რეალური ცხოვრებიდანაა, ოღონდ დროდადრო, შეუწყვეტელი ფიქრისას ისე მუშავდება, ისეთ განსხვავებულ სახეს იღებს, რომ წერის პროცესში არც მახსოვს, რამ მიბიძგა ან ვინ გახდა უშუალო შთაგონების წყარო.

– მიუხედავად ამისა, რამდენიმე ისტორიული პირის ამოცნობა მკითხველს არ გაუჭირდება და მათ გარეშე, ალბათ, ვერც მოხერხდებოდა მთელი რიგი სიტუაციების აღწერა, ჩვენება და გნებავთ, წარმოჩენა. მათმა გამოჩენამ თქვენთვის, როგორც ავტორისთვის, რომელიც მხატვრულ ნაწარმოებს გვთავაზობს, გარკვეული სირთულეები ხომ არ წარმოშვა?

– ასე მგონია, სირთულეები მათი გამოჩენის გარეშე უფრო გაჩნდებოდა, რადგან ხელოვნური განზოგადება და მნიშვნელოვანი პიროვნებების კულისებში გაყვანა ბუნდოვანს გახდიდა ამბავს. ზომიერება აუცილებელია, მაგრამ 'დავარცხნილი', აწონ-დაწონილი სიფრთხილეც არ ვარგა. რაც შეეხება დოკუმენტური ფონის გაჩენას მხატვრულ ქსოვილში, ეს კი ნამდვილად არ წარმოადგენს

საშიშროებას – ქართულ მწერლობას ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვს და ნამდვილი ოსტატები ჰყავს, ვინც შესანიშნავად შეუხამა ერთმანეთს რეალური და წარმოსახული.

– წიგნის სახელწოდება ერთ-ერთი ნოველიდან არის აღებული. კონკრეტულად მისი წაკითხვის შემდეგ მკითხველი აუცილებლად მიხვდება, რაზე წერთ და ამით რას ამბობთ, მაგრამ, ორიოდე სიტყვით, რატომ „ყიფლიბანდი“? არის თუ არა მასში გამოხატული თქვენი პოზიცია?

– რა თქმა უნდა. პოზიცია მრწამსია, რომლის გარეშეც წარმოუდგენლად მიმაჩნია მოაზროვნე ადამიანის არსებობა. 'ყიფლიბანდი' ჩემი პოზიციაა, ჩემი დამოკიდებულება იმდროინდელი მოვლენების მიმართ. წერის დროს იმდენი განსხვავებული პერსონაჟი მეხვია, რომ გამიჭირდა მათი ხასიათების ტევრიდან გამოსვლა. უცნაურია, თითქოს ყველა თავისკენ გექაჩება, თავის სიმართლეს გაჩეჩებს. ამ დროს გამოსავალი მტყუან-მართლის გარკვევა კი არა, იმ სიმართლისა და ტყუილის ჩვენებაა, რომელიც ჩვენს გონებას დაუფლებია. სხვანაირად ალბათ ვერც მივხვდებით, რომელი მოსაზრებაა უფრო მართებული: 'რუსთაველის გამზირზე მომხდარი ომი' თუ 'სამხედრო გადატრიალება'; 'სამეგრელოში არსებულ ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებთან ბრძოლა' თუ 'ერთი კუთხის უმოწყალო დასჯა თავისი კანონიერი არჩევანის ერთგულებისთვის' და ა. შ.

– რა იყო მთავარი მიზანი, როდესაც გასული საუკუნის 90-იანების გაცოცხლება გადაწყვიტეთ?

– ზემოთ წაშლილი ბავშვობა, მრწამსი და პირადი პასუხისმგებლობა ვახსენე. ბევრმა შეიძლება იკითხოს, ღირდა თუ არა ამდენი ხნის შემდეგ იმ წლებთან მიბრუნება? ეს ხომ ტკბილი მოგონებები არ არის, როგორც სადღეგრძელოებში გვიყვარს ხოლმე თქმა. მაგრამ დავიწყებაც რომ არ გამოდის?! ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალი მათგან თავის დასაღწევად, მათი გამოქვეყნებაა. დაწერა და გამოქვეყნება. და კიდევ ერთი – სურვილი, თითოეულ ადამიანში, ბოროტმოქმედშიც კი, ვიპოვნო შუქი და სინანული, რომელიც განუკითხავ დროშიც თან დაჰყვება ღვთისგან შექმნილ არსებას.

– როგორ მიდიოდა წიგნზე მუშაობა? ნოველებს ეტყობა, რომ სხვადასხვა დროს არის დაწერილი...

– ვწერდი და ლიტერატურულ ჟურნალებში ვბეჭდავდი, ნაწილ-ნაწილ, გაბნეულად. ეს დამეხმარა, რადგან ხელნაწერის ტყვეობაში ყოფნა მრავალმხრივ საზიანოა. მით უმეტეს, როცა ურთულესი ამბების მოყოლას ცდილობ. ზოგჯერ ჩემი სარედაქციო და საგამომცემლო საქმიანობაც მშველოდა, დეპრესიულ განწყობილებებს რომ გამოვრიდებოდი. საბოლოოდ, წიგნი უფრო ადრე დასრულდა, ვიდრე წარმოვიდგენდი.

– არის თუ არა აღნიშნული თემა აქტუალური საზოგადოებისთვის, ვისთვისაც აქტუალობა დაკარგა ყველაფერმა ნამდვილმა და ნახევარფაბრიკატებია მოსაწონი, გასაზიარებელი?

– ნებისმიერი რამ, რაც ჩვენს გარშემო ხდება, აქტუალური და საყურადღებოა. განსაკუთრებით უახლესი ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ არ ქცეულა ისტორიად. ჯერაც ცოცხალია, ფეთქავს და იმ სულისკვეთებასაც დაატარებს, რაც უცხო და უინტერესო ალბათ არ იქნება მკითხველისთვის.

 

კომენტარები