ემბარგო

ინდოეთი ბამბის ექსპორტს აჩერებს

ინდოეთმა ბამბის ექსპორტზე უარი თქვა. ქვეყანა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ, ბამბის რიგით მეორე უდიდესი მწარმოებელია. მისი ექსპორტის 70%-ზე მეტი ჩინეთზე მოდის, დანარჩენი კი პაკისტანზე, ბანგლადეშსა და ტაილანდზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში ინდოეთმა უკვე მეორედ სცადა ბამბის ექსპორტზე ემბარგოს დაწესება.

ინდოეთის მთავრობა გადაწყვეტილების მოტივებზე არ საუბრობს, თუმცა საერთაშორისო გამოცემები წერენ, რომ ექსპორტის შეზღუდვით ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს ნედლეულის მარაგის შიდა მოხმარებისთვის შენარჩუნებას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბამბის პროდუქციაზე მოთხოვნა ქვეყანაში 35%-ით გაიზარდა. თუმცა ბამბის მწარმოებელთა მტკიცებით, ქვეყანაში არის საკმარისი მარაგი იმისათვის, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

ანალიტიკოსებისთვის ინდოეთის გადაწყვეტილება გასაკვირია, რადგან, მათი აზრით, ბოლო ორი წლის მანძილზე ბამბის მარაგები მსოფლიოში ისედაც იზრდება მომხმარებლის არჩევანის გამო – მყიდველი უმეტესად სინთეტიკურ ქსოვილს ანიჭებს უპირატესობას.

ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ამერიკის სასაქონლო ბირჟებზე ბამბის ნედლეულის ფასი მხოლოდ 1.5%-მდე ანუ 1 დოლარამდე გაიზარდა. ინდოეთიდან ბამბის ექსპორტის პირველად – 2010 წელს – აკრძალვის შედეგად, ბამბა 2-ჯერ უფრო გაძვირდა. ამ წელს მასზე რეკორდულად მაღალი ფასი იყო. თუმცა ამის მიზეზი მხოლოდ ინდოეთი არ ყოფილა. ფასების ზრდას ხელი შეუწყო ინფლაციის მაღალმა

დონემ და ჩინეთში დიდმა წვიმებმა, რამაც გლობალური წარმოება 5.4%-ით შეამცირა. მაშინ ინდოეთიდან იმპორტიორი კომპანიები განსაკუთრებულად დაზარალდნენ – შვეიცარიულმა კომპანია გლენკორმა, მაგალითად, 330 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა.

მწარმოებლების ვარაუდით, ახალი ემბარგო ინდოეთის, როგორც საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორის, იმიჯს შელახავს; პარტნიორების მხრიდან ქვეყნის მიმართ ნდობას შეამცირებს და ინდოეთიდან ბიზნესების განდევნას გამოიწვევს, რაც, საბოლოო ჯამში, ისევ ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს. ბამბის ექსპორტზე ქვეყნის მთლიანი ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების დაახლოებით 15% მოდის.

2011 წელს ინდოეთმა 9.4 მილიონი ფუთა, ანუ 1.6 მილიონი ტონა ბამბა გაიტანა ექსპორტზე. ინდური ბამბის მთავარი კონკურენტული უპირატესობა მისი დაბალი ფასია: 2008-2009 წლებში ინდოეთში ბამბის ფასი 68%-ით შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით, საქართველომ 2008-2012 წლებში ბამბის იმპორტი ინდოეთიდან მხოლოდ ერთხელ – 2009 წელს განახორციელა და 2 ტონა ბამბა შემოიტანა. რამდენ ხანს გასტანს ემბარგო, ჯერჯერობით უცნობია. 2010 წლის ემბარგო 2 თვეს გაგრძელდა.

 

კომენტარები