ფეხბურთი

ჩელსის 5 უიღბლო რომანი

წლის ზაფხულში რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ინგლისის პრემიერლიგის კლუბი ჩელსი შეიძინა. მას შემდეგ ლონდონურმა გუნდმა ექვსი მწვრთნელი გამოიცვალა, რომელთაგან ხუთი ჩუკოტკის ყოფილმა გუბერნატორმა პირადად გაათავისუფლა.

პორტუგალიელი სპეციალისტი ანდრე ვილიაშ-ბოაში აბრამოვიჩის დროების მეშვიდე მწვრთნელია და ალბათ, არც უკანასკნელი: დღეს ჩელსის რთული დღეები უდგას – ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ნაპოლისთან დამარცხდა 1:3 და შესაძლოა, გათამაშებას გამოეთიშოს კიდეც. ყველაზე უარესი კი, რაც შეიძლება მოხდეს, საგაისოდ ამავე ტურნირს მიღმა დარჩენაა: კლუბი პრემიერლიგის ლიდერს მანჩესტერ სიტის 15 ქულით ჩამორჩება და მხოლოდ ლიგის საგზურისთვის ბრძოლა უწევს.

ისეთი კლუბისთვის, როგორიც ჩელსია, ამ ტურნირში ვერმოხვედრა კატასტროფაა. სპორტულ მხარეს რომ თავი დავანებოთ, ფინანსურს ვერსად გავექცევით – ათეულობით მილიონ ევროზეა საუბარი.

პრემიერლიგის XXV ტურში ევერტონთან მარცხის შემდეგ – კლუბი მოწინავე ოთხეულს მიღმა აღმოჩნდა – რომან აბრამოვიჩი პირადად ესტუმრა კლუბის ბაზას. მეორე დღეს პრესაში დაიწერა, რომ გუნდის მფლობელმა საკმაოდ მოკლედ და ცივად აუხსნა მწვრთნელებს და ფეხბურთელებს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ჩავარდნამ.

XXVI ტურში ჩელსიმ ბოლტონ უონდერერზს უმასპინძლა და 3:0 მოიგო.

ტაბულა იმ ხუთ მწვრთნელს გაიხსენებს, რომლებიც რომან აბრამოვიჩმა პირადად დაითხოვა.

კლაუდიო რანიერი

იტალიელი სპეციალისტი ლონდონურ კლუბში მეოთხე სეზონს იწყებდა, როცა აბრამოვიჩმა ჩელსი შეიძინა. რანიერიმ ტრანსფერებისთვის 120 მილიონი გირვანქა მიიღო, სეზონის ბოლოს კი კლუბმა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, რაც საუკეთესო შედეგი იყო ბოლო 49 წლის მანძილზე.

პარალელურად, რანიერის ჩელსი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდა, მაგრამ გუნდის მფლობელისთვის ეს არადამაკმაყოფილებელი შედეგი აღმოჩნდა და მონაკოსთან საპასუხო ნახევარფინალის შემდეგ – შინ ფრე 2:2, ორი მატჩის ჯამში 3:5 – გასახდელში შესულმა პირადად დაითხოვა მთავარი მწვრთნელი.

ოფიციალური ინფორმაციით, კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ კლაუდიო რანიერიმ 6 მილიონი გირვანქა მიიღო, რამდენიმე თვეში კი წიგნი გამოუშვა, სადაც ლონდონში გატარებული წლები გაიხსენა.

ჟოზე მოურინიო

2004 წლის 2 ივნისს ჩელსი პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ ჩაიბარა: რამდენიმე დღით ადრე მან პორტუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მოურინიოს ხელში ჩელსი ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ლიდერი გახდა და არნახულ წარმატებებს მიაღწია: ზედიზედ ორჯერ მოიგო პრემიერლიგა, ამდენჯერვე აღმართა ლიგის თასი, ერთხელ ასოციაციის თასი მოიგო, მაგრამ...

ჩემპიონთა ლიგაში აბრამოვიჩის გუნდის საუკეთესო შედეგი – ნახევარფინალი – ვერც ამჯერად გაუმჯობესდა: ამ სტადიაზე ჩელსი ორჯერ დამარცხდა ლივერპულთან, ერთხელაც მერვედფინალი წააგო ბარსელონასთან.

კლუბის მფლობელის და მთავარი მწვრთნელის ურთიერთობა 2006 წლის ზაფხულიდან გაუარესდა – მოურინიოს არაფერში სჭირდებოდა უკრაინელი თავდამსხმელი ანდრეი შევჩენკო, რომელიც მილიარდერმა პირადი ინიციატივით გადაიბირა მილანიდან. ამას აბრამოვიჩის მრჩეველ პიტ დე ვაისერთან ხშირი კონფლიქტებიც დაერთო...

2007 წლის 18 სექტემბერს ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგაში შინ ვერ სძლია ნორვეგიის რუსენბორგს და ორი დღის შემდეგ, კლუბის დირექტორთა საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე რომან აბრამოვიჩმა ხელქვეითებს გადაწყვეტილება გააცნო.

კომპენსაციის სახით ჟოზე მოურინიომ დაახლოებით 12 მილიონი გირვანქა მიიღო, კლუბი კი ავრაამ გრანტმა ჩაიბარა.

ავრაამ გრანტი

გრანტი აბრამოვიჩის მეგობარი და კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, გუნდი კი მოურინიოს წასვლისთანავე ჩაიბარა.

ფეხბურთელები ხელმძღვანელობის არჩევანით უკმაყოფილონი დარჩნენ: ჟურნალ-გაზეთებში ხშირად ჩნდებოდა წერილები, სადაც გრანტის დრომოჭმულ სამწვრთნელო მეთოდებზე და უინტერესო ვარჯიშებზე წერდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩელსი ორ ფინალამდე მაინც მივიდა...

თუმცა ორჯერვე ხელი მოეცარა: ჯერ ლიგის თასის გადამწყვეტი მატჩი წააგო ტოტენჰემ ჰოთსფურთან, მაისში კი მოსკოვში ითამაშა საოცნებო ჩემპიონთა ლიგის ფინალში და... პენალტებში დამარცხდა მანჩესტერ იუნაიტედთან.

რომან აბრამოვიჩმა მეგობარი თანამდებობიდან დაითხოვა, სამაგიეროდ დირექტორთა საბჭოში დაბრუნება შესთავაზა, მაგრამ ავრაამ გრანტმა კუთვნილი კომპენსაცია, 5 მილიონი გირვანქა მიიღო და ლონდონური კლუბი დატოვა.

ლუიშ ფელიპე სკოლარი

ბრაზილიელ მწვრთნელთან კონტრაქტი ჯერ კიდევ ევრო 2008-ის დაწყებამდე გაფორმდა: პირველად მოხდა, რომ ინგლისის პრემიერლიგის კლუბი მსოფლიო ჩემპიონმა მწვრთნელმა ჩაიბარა.

სკოლარის საფეხბურთო ფილოსოფია ჩელსის ბევრი ფეხბურთელისთვის უცხო აღმოჩნდა: მწვრთნელი ოჯახური გარემოს შექმნას ცდილობდა, მუდმივად ითხოვდა იმპროვიზაციას, მოთამაშეებს არნახულ თავისუფლებას ანიჭებდა...

დიდი ფილის შეხედულებებმა თავდაპირველად სასურველი შედეგი გამოიღო, მაგრამ ჩემპიონატის მეორე წრიდან მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, თებერვალში კი, მაჩანჩალა ჰალთან უგოლო ფრეს შემდეგ ბრაზილიელის და ჩელსის ურთიერთობას აბრამოვიჩმა წერტილი დაუსვა.

„59 წლის ვარ და არ მინდა ფეხბურთში 70 წლამდე დავრჩე. ლონდონში მუშაობა, სიმართლე გითხრათ, ძალიან კარგი გასამრჯელოს გამო გადავწყვიტე”, – ბოლო პრესკონფერენციაზე სკოლარი გულახდილი იყო.

ჩელსი სეზონის ბოლომდე ჰოლანდიელმა გუუს ჰიდინკმა ჩაიბარა, რომელიც პარალელურად რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. რუსეთის საფეხბურთო კავშირი ჰიდინკს მრავალმილიონიან გასამრჯელოს რომან აბრამოვიჩის საქველმოქმედო ფონდის შემწეობით უხდიდა.

ჰიდინკის ხელში ჩელსიმ ქვეყნის თასი მოიგო, პრემიერლიგა კი მესამე ადგილზე დაასრულა. ჰოლანდიელი აბრამოვიჩის დროების ერთადერთი მწვრთნელია, რომელიც გუნდის მფლობელს არ დაუთხოვია...

კარლო ანჩელოტი

მილანში ანჩელოტიმ ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შესაძლებელი იყო: სერია ა, იტალიის თასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი ორჯერ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი...

იტალიელის პირველი ლონდონური სეზონიც დიდებულად დასრულდა: ჩელსიმ პრემიერლიგაც მოიგო და ასოციაციის თასიც, მაგრამ რომან აბრამოვიჩის ოცნების ასრულება ვერც მან შეძლო. ანჩელოტის კლუბი 2009-10 წლების ლიგაში ჟოზე მოურინიოს ინტერთან მერვედფინალში დამარცხდა, 2010-11 წლებში კი მეოთხედფინალში მანჩესტერ იუნაიტედთან.

2011 წლის 22 მაისს ჩელსიმ ანჩელოტის 6 მილიონი გირვანქა გადაურიცხა და დაითხოვა.

ზუსტად ერთ თვეში, 22 ივნისს, სტემფორდ ბრიჯზე ახალი მწვრთნელი, პორტუსთან ერთად უეფას ევროპის ლიგის, პორტუგალიის ჩემპიონატის და თასის მომგები ანდრე ვილიაშ-ბოაში გამოჩნდა...

 

კომენტარები