ნარკოვაჭრობა

ნარკოდანაშაულის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა

1 მარტს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ და მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ პარლამენტში გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატებს ნარკოტიკული ვითარების კვლევის შედეგები გააცნეს.

კვლევის თანახმად, 2011 წლისთვის ნარკოდანაშაულის რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 32%-ით შემცირდა. 2007 წლიდან, საერთო ჯამში, ნარკოდანაშაულმა 53.1%-ით იკლო. შემცირებულია ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული ახალგაზრდების რიცხვიც.

იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ასევე შემცირდა ე.წ. ”მძიმე ნარკოტიკული საშუალებების” უკანონო ბრუნვა შავ ბაზარზე. შედეგად, გაზრდილია იმ ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური საშუალებების უკანონო მოხმარება, რომლებიც უკანონო იმპორტის გარეშეც მოიპოვება (მარიხუანა, კოდეინის შემცველი ტაბლეტები, ამფეტამინის და მეტამფეტამინის შემცველი წამლები, ფსიქოაქტიური ნივთიერებები).

სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 33% ნარკომანიას საზოგადოების ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევს. 77% მხარს უჭერს სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიკას ნარკოდანაშაულთან მიმართებაში.

ახალი საკანონმდებლო პაკეტი ნარკომომხმარებლების მიმართ სამართლებრივი პოლიტიკის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. დავით საყვარელიძის თქმით, ლიბერალიზაცია არ შეეხება პოლიტიკას ნარკოგამსაღებლებთა მიმართ.

კომენტარები