განათლების სისტემა

საია სკოლიდან გარიცხული მოზარდის ხულიგნად მოხსენიებას აპროტესტებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია(საია) მიხეილ ალექსიძის ხულიგნად მოხსენიებას აპროტესტებს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას, სკოლიდან გარიცხული მოზარდის მიმართ გაკეთებული განცხადება გავლენას მოახდენს სასამართლო პროცესზე.

 ” 2012 წლის 28 თებერვალს, პარლამენტში გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძე ხულიგნად მოიხსენია. ალექსიძე 2011 წლის 13 ოქტომბერს, 53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხეს, რის საფუძვლადაც სკოლის შინაგანაწესის უხეში დარღვევა მიუთითეს, თუმცა, რაში გამოიხატა ეს დარღვევა და რა მტკიცებულებებით დადასტურდა, გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული. გარდა ამისა, 2011 წლის 13 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება 53-ე საჯაროს სკოლის დირექტორის მიმართ განხორციელებული ხულიგნობის ფაქტზე (და არა ალექსიძის წინააღმდეგ). აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ გრძელდება.”- აღნიშნავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკუთარ განცხადებაში და დასძენს: ”ხულიგნობა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, ხოლო პირის დამნაშავედ ცნობის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სასამართლოს.”

საქმე ეხება  53-ე სკოლაში მომხდარ ინციდენტს, რის გამოც აღნიშნული სკოლის დირექტორმა ტარას შავშიშვილმა პოლიციაში განაცხადა. დირექტორი მოსწავლეს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებდა.

მიხეილ ალექსიძის  სკოლიდან  გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება კი გასაჩივრებულია სასამართლოში, სადაც მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. დღეისთვის დანიშნული სასამართლო პროცესი, გავრცელებული ცნობებით, 12 მარტისთვის გადაიდო. სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ალექსიძის ადვოკატმა მოპასუხე მხარედ სკოლის დირექტორის გარდა, დისციპლინური კომიტეტის ჩართვა მოითხოვა. ამასთან,  ალექსიძის დაცვის მხარე ირწმუნება, რომ სკოლიდან გარიცხვის შემდეგ მოზარდს არ მიეცა სწავლის  გაგრძელების საშუალება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა გასული წლის დეკემბერში რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს, შეესწავლა თბილისის 53–ს საჯარო სკოლაში მომხდარი ფაქტი და უზრუნველეყო მიხეილ ალექსიძის” დარღვეული განათლების უფლების აღდგენა”. სახალხო დამცველმა მაშიმ მოითხოვა კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გატარება შესაბამისი თანამდებობის პირების მიმართაც. საქმის დეტალების გაცნობის შედეგად მან მიიჩნია, რომ 2011 წლის 13 ოქტომბრიდან დარღვეულია მოსწავლე მიხეილ ალექსიძეს უფლება -მიიღოს განათლება. რაც შეეხება სკოლიდან გარიცხის ფაქტს:” საქმეში არსებული მასალები ადასტურებს, რომ დისციპლინური დევნა არ განხორციელდა ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურების დაცვით, კომიტეტის ყველა წევრმა განაცხადა, რომ სკოლის დირექტორის ახსნა–განმარტების გარდა, სხდომაზე სხვა სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რომელიც დაადასტურებდა მოსწავლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტს. საქმეში არსებული ახსნა–განმარტებები მოწმობს, რომ ადგილი ჰქონდა სკოლის დირექტორის მხრიდან კომიტეტის წევრებზე ზეწოლის ფაქტს. ”- ნათქვამია სახალხო დამცველის სარეკომენდაციო განცხადებაში, რომლითაც გიორგი ტუღუშმა განათლების და მეცნიერების მინისტრს 2011 წლის ბოლოს მიმართა. კომიტეტში იგულისხმება დისციპლინური კომიტეტი.

 

კომენტარები