ჯანმრთელობა

ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები

საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციამ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიში ფსიქიკური ჯანმრთელობის თემზე დაფუძნებული სამსახურის ეფექტიანობას აფასებს. კვლევაში ამ მომსახურებისთვის საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსების მოცულობაცაა ასახული.

თემზე დაფუძნებული მკურნალობა ბინაზე მომსახურებასა და რეაბილიტაციის ცენტრების გახსნას გულისხმობს. კვლევაში ფსიქიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის 200 მოსარგებლე მონაწილეობდა. თითოეულს ფსიქიკური აშლილობა აქვს. ისინი პროექტით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ რაიონში ცხოვრობენ.

ინტერვენციის ჯგუფთან, ცხრა თვის განმავლობაში, მუშაობდა ფსიქიატრების, ექთნების, ფსიქორეაბილიტაციის სპეციალისტების, სოციალური თერაპევტებისა და სოციალური მუშაკებისგან შემდგარი ჯგუფი. მულტიდისციპლინური გუნდი, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებასთან ერთად, დამატებით ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციასა და სოციალურ თერაპიასაც იყენებდა. პაციენტებთან, რომლებიც ბინაზე ვიზიტს საჭიროებდნენ – ფსიქიატრის, ექთნის, სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგ-ფსიქოთერაპევტისა და მძღოლისაგან შემდგარმა მობილურმა ჯგუფმა იმუშავა.

კვლევამ აჩვენა, რომ არსებულ ამბულატორიულ მომსახურებასთან შედარებით, პილოტირებულ თემზე დაფუძნებული სერვისი, მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა. ის 50%-ით ამცირებს ფსიქიატრიულ სტაციონარში გატარებულ საწოლდღეების რაოდენობას, აუმჯობესებს პაციენტთა ფსიქიკურ მდგომარეობასა და სოციალური ფუნქციონირების ხარისხს. კვლევის ავტორების მტკიცებით, ამ სერვისების დაფინანსების შემთხვევაში, სახელმწიფოს სტაციონარული მკურნალობის ხარჯებიც შეუმცირდება.

ფსიქიკური ჯანმრთელობის თემზე დაფუძნებული ამბულატორიული სამსახურის შექმნა, საშუალო რესურსების ქვეყნისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაცაა. ეს მოდელი ევროპასა და ამერიკაშია აპრობირებული. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, დასავლეთის ბევრ ქვეყანაში, თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურები შეიქმნა. ამას ფსიქიატრიული საწოლების რაოდენობის შემცირებაც მოჰყვა. ბოლო 30 წლის განმავლობაში, 100 ათას მოსახლეზე საწოლების რაოდენობა, საშუალოდ, 200-250-დან 50-150-მდე შემცირდა.

საქართველოში, საწოლების რაოდენობა 1980-იანი წლებიდან 100 ათას მოსახლეზე 150-დან 33-მდე დავიდა. კოალიციაში მიიჩნევენ, რომ საწოლების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, საავადმყოფოს გარე ფსიქიატრიული სამსახურები არ განვითარებულა. ანგარიშის მიხედვით, ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისის ერთ-ერთი ნაკლი, მის შემადგენელ სხვადასხვა კომპონენტებს (პირველადი ჯანდაცვა, ფსიქიატრიული ამბულატორია, სტაციონარი და ფსიქო-სოციალური სერვისები) შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის დაბალი დონეა. ამის გამო პაციენტი სპეციალისტთან ვერ ხვდება. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესი ჭიანურდება. ხან პაციენტი ერთ სერვისს ისე შორდება, რომ მეორეს ვეღარ აღწევს. მაგალითად, სტაციონარიდან გაწერილი ადამიანი დაგვიანებით ან საერთოდ არ აკითხავს ამბულატორიას. შეწყვეტილი მკურნალობა კი, რიგ შემთხვევებში, ფსიქიკური მდგომარეობის გამწვავების მიზეზი ხდება.

საქართველოში ფუნქციონირებს ფსიქიატრიული ამბულატორიების ქსელი – ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერები. ის ადგილზე და პაციენტის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით კონსულტირებასა და მკურნალობას უნდა უზრუნველყოფდეს. თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ ბიუჯეტის სიმცირის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სიმწირისა და სპეციალისტების ნაკლებობის გამო, სახელმწიფო ფსიქიატრიული პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულება ვერ ხერხდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ქვეყნის ტერიტორიაზე სერვისების არათანაბარი განაწილებაა. ლიცენზირებულ ექიმთა უმეტესობა თბილისშია კონცენტრირებული, ხოლო რეგიონებში კადრების დეფიციტია.

ანალიზმა აჩვენა, რომ ბიუჯეტში შესაბამისი რესურსების არსებობიდან გამომდინარე, შესაძლოა სრულად ან ეტაპობრივად განხორციელდეს თემზე დაფუძნებული, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების სამი სხვადასხვა პროგრამა-პაკეტი: მედიკამენტები ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პაციენტებისთვის, ფსიქიკური რეაბილიტაცია და მობილური ჯგუფი.

პროექტის შედეგების შეფასების მიზნით ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ მსგავსი მიდგომის შემთხვევაში, პაციენტთა მიერ სტაციონარში გატარებული დღეების რაოდენობა თითქმის ნახევრდება.

მონაცემებზე დაყრდნობით, თუ სახელმწიფოს მიერ, მოკლევადიან (მწვავე) სტაციონარებში პაციენტთა მკურნალობაზე დღეში დახარჯულ თანხად საშუალოდ 40-60 ლარს ავიღებთ – შეიძლება გამოითვალოს ის ეკონომია, რაც თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების სრულად ამოქმედების შემთხვევაში იქნება. 9-თვიანი პერიოდის ერთ წელზე განზოგადებისა და 100-კაციანი საკვლევი ჯგუფის პაციენტთა მთლიან რაოდენობაზე (14, 600 ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანი) გადაანგარიშების შედეგად გამოდის – აღნიშნული პროგრამის სრულად დაფინანსების შემთხვევაში სახელმწიფო სტაციონარში მკურნალობის ხარჯებს ერთ წელიწადში დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე შეამცირებს.

კოალიციის საქმიანობის მიზანი იმ რეფორმების ხელშეწყობაა, რომლებიც დეინსტიტუციონალიზაციისა და თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაუმჯობესებისაკენაა მიმართული. კოალიციამ სამი წლის წინ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა შეიმუშავა. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, გიორგი გელეიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ დოკუმენტი ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტში მოგზაურობს, თუმცა რაიმე სახის ოფიციალური სტატუსი ჯერ არ შეუძენია.

კომენტარები