ფეხბურთი

ლეოს ოქროს 2011

წლის ლეო მესი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. შვეიცარიის ქალაქ ციურიხში არგენტინელმა ოქროს ბურთი ბრაზილიელი რონალდოსგან ჩაიბარა, რომელმაც, თავის მხრივ, ასევე სამჯერ მოიგო ეს ტიტული. ფიფამ ფრანგი ზინედინ ზიდანიც ამდენჯერვე აღიარა, თუმცა მესის მიღწევა მაინც გამორჩეულია.

2011 წელს სამხრეთამერიკელი ისეთივე ფანტასტიკური იყო, როგორც მისი გამარჯვებების სერიაა: ბარსელონასთან ერთად ხუთი ტიტული მოიგო, ინდივიდუალურ ჯილდოებს კი, თქვენი ნებართვით, აღარ ჩამოვთვლით.

მაინც რა არის არგენტინელი ათიანის ბრწყინვალების საიდუმლო?

საოცარი ტექნიკა, თამაშის უბადლო გრძნობა და უნაკლო ფიზიკური მომზადება?

თუ ჩინებული გუნდი ყოვლისმხედველი ხავით დაწყებული შესანიშნავი მწვრთნელით დასრულებული?

კითხვას თავად ტრიუმფატორმა უპასუხა ციურიხში, როცა რონალდოსგან ოქროს ბურთი ჩაიბარა:

„ამ ჯილდოს ზედიზედ სამჯერ მოგება ძალიან დიდი პატივია. ყველას მადლობას ვუხდი – ეს ოქროს ბურთი პირველ რიგში თანაგუნდელებს ეკუთვნით. მინდა, რომ ყველა მათგანმა გამარჯვებულად იგრძნოს თავი, განსაკუთრებით კი ხავიმ, ჩემმა მეგობარმა და ბრწყინვალე ფეხბურთელმა, ვინც ეს აღიარება დაიმსახურა”.

მიხვდით?

მწვერვალზე ზედიზედ მესამედ შემდგარმა ლეომ მხოლოდ და მხოლოდ გუნდზე ისაუბრა და როგორც ყოველთვის, „ჩვენ” კვლავ „მე”-ს წინ დააყენა. თუ მის ინტერვიუებს გაიხსენებთ, შეამჩნევთ, რომ ის არასდროს საუბრობს საკუთარ გამარჯვებებზე და ბარსელონას წარმატების საფუძვლად იმ ერთიანობას ასახელებს, რითაც გუნდი ხოსეპ გვარდიოლას ხელში აშკარად გამოირჩევა.

არგენტინელმა ბრწყინვალედ იცის, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია და მოგებულიც მხოლოდ ისაა, ვინც საერთო ინტერესს ემსახურება.

და თუ კონკრეტული დავალების უმაღლეს დონეზე შესრულების უნარიც შეგწევს, თან ყოველ უქმეებზე, სულაც არაა გასაკვირი, რომ წლის ბოლოს მთავარი ინდივიდუალური საფეხბურთო პრიზი შენ გადმოგცენ.

მეოთხე სეზონია ბარსელონა მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, ლეო მესი კი ამ გუნდის ლიდერი.

ლოგიკურია, რომ საფეხბურთო სამყაროს ფავორიტი ბოლო სამი წელი სწორედ არგენტინელია.

„პელე, დიეგო მარადონა და ალფრედო დი სტეფანო ყველა დროის უძლიერესი ფეხბურთელები არიან. დღევანდელი ტრიუმფის შემდეგ, ვფიქრობ, მესიც მათ მხარდამხარ უნდა მოვიხსენიოთ”, – განაცხადა საუკეთესოდ აღიარებულმა ხოსეპ გვარდიოლამ. ბარსელონას თავკაცს, რომელმაც არასრულ ოთხ სეზონში 13 თასი მოიგო, ფიფამ წლის მწვრთნელის ტიტული პირველად უბოძა.

და რა თქვა სცენაზე ასულმა გვარდიოლამ?

„მინდა, რომ ეს ჯილდო ჟოზე მოურინიოსთან და სერ ალექს ფერგიუსონთან გავინაწილო. ასევე ყველა იმ მწვრთნელთან, ვისაც ფეხბურთი უბრალოდ უყვარს”.

ისევ „ჩვენ” და არავითარი „მე”!

მესის არ იყოს, გვარდიოლაც ზედმიწევნით ზუსტად ჩაწვდა სპორტის მეფის მთავარ საიდუმლოს.

თანამედროვეობის საუკეთესო მწვრთნელისთვის მთავარი გუნდის ინტერესებია. სხვა დანარჩენი, მათ შორის მილიონერი და ჭირვეული ვარსკვლავები – მხოლოდ შემდეგ მოდის. გვარდიოლა სამი წლის წინ საუკეთესო ბომბარდირს, მაგრამ უხასიათო სამუელ ეტოოს სწორედ ამიტომ შეელია ადვილად. არც მის ნაცვლად მისული ზლატან იბრაჰიმოვიჩი გააჩერა დიდხანს – თუ მხოლოდ სტატისტიკას გავითვალისწინებთ, სკანდინავიელი კარატისტის სადებიუტო სეზონს კამპ ნოუზე „ჩავარდნა” ნამდვილად არ ეთქმოდა, მაგრამ შვედმა, კამერუნელის არ იყოს, „მე” „ჩვენ”-ზე წინ დააყენა და ზუსტად ერთ წელიწადში იტალიაში დაბრუნდა.

კატალონიელთა ლიდერების არჩევანით ბარსელონაში ყველამ მოიგო: კლუბის პრეზიდენტით დაწყებული გულშემატკივრებით დასრულებული.

რაც მთავარია, მოიგო ფეხბურთმა.

დაბოლოს, საინტერესო ამბავი, რომელიც ლეოს მამამ, ხორხე მესიმ გაახმაურა: „როდესაც 9 იანვრის საღამოს, დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ყველანი გასართობად წავედით, ლეო არ წამოგვყვა, ხვალ ვარჯიში მაქვს და უნდა გამოვიძინოო”.

 

ლეო შარშან

 

10 იანვარი: ფიფამ მსოფლიოს 2010 წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა. ფიფამ და ფრანს ფუტბოლმა პირველად გამოავლინეს რჩეული ერთად.

5 თებერვალი: ბარსელონამ კამპ ნოუზე მისი ჰეთ-თრიქით 3:0 მოუგო ატლეტიკოს და პრიმერადივიზიონის რეკორდი დაამყარა: ზედიზედ მე-16 მატჩი მოიგო.

2 მარტი: ლეოს ერთადერთი გოლით ბარსამ სტუმრად სძლია ვალენსიას და ლა ლიგას კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა: ზედიზედ მეოცე საგარეო მატჩში არ დამარცხდა.

9 აპრილი: ალმერიასთან დუბლი შეასრულა. სეზონში 47 გოლი დაუგროვდა და ერთი წლით ადრე დამყარებული თავისივე საკლუბო რეკორდი გაიმეორა.

12 აპრილი: ჩემპიონთა ლიგაში დონეცკის შახტარს გაუტანა და 9 აპრილს დამყარებული საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა.

20 აპრილი: ესპანეთის თასის ფინალში ბარსა 0:1 დამარცხდა რეალთან. ლეო გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა 7 გოლით.

23 აპრილი: ოსასუნასთან სეზონის 50-ე გოლი გაიტანა.

27 აპრილი: ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბარსამ ლეოს ორი გოლით რეალს 2:0 სძლია. მესის მეორე ბურთი ლიგის ისტორიაში ულამაზესთა შორის მოხვდა.

21 მაისი: ზედიზედ მესამედ, სულ კი მეხუთედ მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული.

28 მაისი: მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. 12 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სეზონი 55 ოფიციალურ მატჩში 53 გოლით დაასრულა – კარიერის რეკორდი. გახდა ბარსას პირველი მოთამაშე, რომელმაც ერთ სეზონში შეძლო 50 და მეტი გოლის გატანა.

31 მაისი: გაზეთმა მარკამ ზედიზედ მესამედ დაასახელა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ.

17 აგვისტო: ბარსამ ესპანეთის სუპერთასზე რეალს ორი მატჩის ჯამში 5:4 სძლია. ლეომ მადრიდში ერთი გოლი გაიტანა, კამპ ნოუზე – ორი. მესიმ ეს ჯილდო მეხუთედ აღმართა.

25 აგვისტო: უეფამ პირველად გამოავლინა ევროპის საუკეთესო მოთამაშე. ჟურნალისტებმა საუკეთესოდ ლეო დაასახელეს.

26 აგვისტო: ევროპის სუპერთასზე ბარსამ მესის და ფაბრეგასის გოლებით პორტუს 2:0 სძლია. ლეომ მეორედ მოიგო ეს თასი.

28 სექტემბერი: ჩემპიონთა ლიგაში ბატეს ორი გოლი გაუტანა და ბარსელონას ყველა დროის ბომბარდირთა სიაში 194 გოლით მეორე ადგილზე მყოფ ლეგენდარულ ლადისლაუ კუბალას გაუთანაბრდა.

15 ოქტომბერი: რასინგთან დუბლი შეასრულა და ბარსას გოლეადორთა სიაში კუბალას გადაასწრო.

1 ნოემბერი: ბარსას მაისურით მე-200 გოლი გაიტანა – ჩემპიონთა ლიგაში ჩეხეთის ვიქტორიასთან 5:0 მოგებულ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

27 ნოემბერი: პირველად დაასახელეს არგენტინის საუკეთესო სპორტსმენად (ოქროს ოლიმპია), საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული (ვერცხლის ოლიმპია) კი მეექვსედ მიანიჭეს.

5 დეკემბერი: ფრანგულმა ყოველდღიურმა სპორტულმა გაზეთმა ეკიპმა მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარა.

18 დეკემბერი: მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ბარსამ 4:0 მოუგო სანტოსს. ლეომ ორი გოლი გაიტანა და ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

23 დეკემბერი: ყოველთვიურმა ჟურნალმა უორლდ სოკერმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ აღიარა. პირველად ეს 2009 წელს მოხდა.

 

კომენტარები