Future Shorts

Future Shorts-ი ბრუნდება

გახსოვთ, შარშან ტაბულას ვებ-გვერდზე Future Shorts-ის საღამოების შესახებ პერიოდულად, უფრო ზუსტად კი თვეში ერთხელ, რაღაცები რომ იწერებოდა? და გახსოვთ საერთოდ, Future Shorts-ი მაისიდან საქართველოში რომ ჩამოვიდა?

კინო, იუთუბში ძრომიალი და მახვილგონივრული არტი თუ გიტაცებთ, გემახსოვრებათ. ისიც გემახსოვრებათ, რომ Future Shorts-ი ცხრა წლის ბრიტანული მოკლემეტრაჟიანი კინო-ლეიბლია, მსოფლიოში ყველაზე დიდი, ნაყოფიერი და ინოვაციური კინო-ორგანიზაცია, რომელიც გახსნილი, ყველასთვის ხელმისაწვდომი რეპუტაციით სარგებლობს, პლანეტის მაყურებლის გაერთიანებას ისახავს მიზნად და თავის ამბიციურ დევიზს მსოფლიოს ოცამდე ქვეყანასა და ორმოცდაათამდე ქალაქში წარმატებით ამართლებს. დევიზი კი ასეთი აქვს: ”კინო. მუსიკა. არტი. ხალხი. ეს Future Shorts-ია”.

მოკლედ, ეს მართლაც Future Shorts-ია და თავისი დევიზის გასამართლებლად რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ბრუნდება.

პაუზა კი სათავო ოფისში მიმდინარე ცვლილებების გამო მოხდა: გადაწყვიტეს, ფესტივალი სეზონური, ანუ კვარტალური გაეხადათ და სპეციალური პროექტის, Future Shorts ONE-ის ნაცვლად, ის Future Shorts-ის ფარგლებში მოექციათ.

ორგანიზაციული დეტალები ალბათ ნაკლებ საინტერესოა. მთავარია, რომ ფესტივალი ახლა ყოველ სეზონზე საქართველოში კვლავ გაიმართება. უფრო მეტიც - 2012 წლის პირველი საღამო, სულ მალე, შაბათს, 28 იანვარს შედგება Future Shorts-ის ადგილობრივი წარმომადგენლებისა და Missoni-ს ერთობლივი ორგანიზებით. თანაც, ოფიციალური კინო-პროგრამა (იხილეთ ქვემოთ), რომელიც ოთხი მოკლემეტრაჟიანი ფილმისა და ორი ანიმაციისგან შედგება, საუკეთესოა, რაც კი აქამდე Future Shorts-ისგან ქართველ მაყურებელს უნახავს. პროგრამაში შესული ყველა ნამუშევარი რომელიმე განთქმული კინო-დაჯილდოების გამარჯვებულია, მათ შორის ოსკარის, სანდენსის და ბერლინალეს. ჰო, და კინო-ჩვენების მერეც ნამდვილად არ მოიწყენთ.

მაშ ასე.

როდის? – 28 იანვარი, 22:00.

სად? - სასტუმრო საქართველო, მეორე სართული.

რა? – 22:00 - Future Shorts-ის ოფიციალური კინო-ჩვენება;

23:30 - Afterparty: Tomma – DJ-Set

Nika J – DJ-Set

Temo Machavariani – Visuals.

დასწრება? - თავისუფალია.

 

სასიამოვნო შაბათ-ღამეს გისურვებთ.

 

Future Shorts Festival – ოფიციალური სეზონური პროგრამა

ნოემბერი 2011–იანვარი 2012

 

უფრო ღრმად, ვიდრე გუშინ - რეჟ. არიელ კლეიმანი / ავსტრალია / 2010

ფილმი 35 მილიმეტრიანი კამერებით ძველ, ხმარებიდან გამოსულ წყალქვეშა ნავშია გადაღებული და რუსული ეკიპაჟის ისტორიას გვიამბობს: ეკიპაჟი “კაბინის დაავადებითაა” შეპყრობილი და თან საკმაოდ მწვავედ. მელბურნის უნივერსიტეტის VCA-ის კურსდამთავრებულმა რეჟისორმა არიელ კლეიმანმა ამას წინათ განაცხადა: “რაც უფრო მიჭირს ფილმის გადაღება, მით უფრო მეტი შანსია, რომ ის კარგი გამოვიდეს.” კრიტიკოსებმა ფილმი მაქსიმ გორკის განთქმულ პიესას - “ფსკერზე” - შეადარეს, რომელიც ზედმიწევნით რუსულია და იზოლაციისა და სიგიჟის ხანგრძლივ პერიოდზე მოგვითხრობს.

სანდენსის გამარჯვებული, ნომინაციაში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი რეჟისურა.

 

გარე სამყარო - რეჟ. დევიდ ო’რილი / გერმანია, ისლანდია / 2010

პიანინოზე დაკვრას ბიჭი შიშებითა და შფოთვით გაჟღენთილი თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ფონზე სწავლობს, სამყაროსი, რომელსაც რეჟისორი შავად, თუმცა იუმორით წარმოგვიდგენს. ფილმი 17-წუთიანი სურეალისტური Lo-fi ანიმაციაა, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პოპ-კულტურიდან, კინოდან და ვიდეო-თამაშებიდან ნასესხები ეპიზოდებისგან შედგება. ზოგმა ნამუშევარს “სამყაროს უნიკალური რეკონსტრუქცია” უწოდა, მაშინ, როცა თავად ო’რილიმ ამას წინათ ინტერვიუში აღნიშნა: “მომწონს ისეთი ექსპერიმენტული ფილმების შექმნა, რომლებიც ემოციურ ფუნქციას ასრულებენ.”

Tampere Film Festival-ის გამარჯვებული, ნომინაციაში საუკეთესო ანიმაცია.

 

ინციდენტი ბანკთან - რეჟ. რუბენ ოსტლუნდი / შვედეთი / 2009

ბანკის უშედეგო ძარცვის დეტალური და სასაცილო ისტორია, ერთ კადრში გადაღებული ფილმი. აქ დაახლოებით ასი ადამიანი რეკონსტრუქციას უკეთებს ნამდვილ ამბავს, რომელიც შვედეთში 2006 წელს მართლაც მოხდა. ამბის უშუალო მომსწრეები შვედეთის ფილმის ინსტიტუტში მიმავალი რეჟისორი და მისი პროდიუსერი, ერიკ ჰემენდეროფი გახლდნენ. ფილმი ძარცვის რეალობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს - სინამდვილეში როგორ ხდება ძარცვა? როგორ შეიძლება ან როგორ უნდა გამოიყურებოდეს რეალური ძარცვა? ’’’იციდენტი ბანკთან’ ერთ-ერთი გზაა, შეასწორო ის მცდარი წარმოდგენები ძარცვაზე, რომელებიც, ლამის ყოველდღიურად, ჰოლივუდის ექშენ-ფილმებით გვექმნება“, ამბობს ოსტლუნდი.

ბერლინალეს ოქროს დათვის მფლობელი.

 

Luminaris - რეჟ. პაბლო ზარამელა / არგენტინა / 2011

Luminaris ფანტასტიკური ისტორიაა, რომელიც სინათლით გაკონტროლებულ წარმოსახვით სამყაროში ხდება. ამ სამყაროში სინათლე სტრუქტურირებული და მონოტონურია. მაგრამ ნათურების მწარმოებელი ქარხნის უბრალო თანამშრომელს რაღაც გეგმა აქვს, რამაც ბუნებრივი წესრიგი, შესაძლოა, შეცვალოს. მას სიფრთხილე მართებს: მისი თანამშრომელი და უფროსი მასზე რაღაცას ეჭვობენ.

ბრაზილიის Anima Mundi-ს გამარჯვებული, ნომინაციაში საუკეთესო ანიმაცია; და სეულის ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალის, SICAF-ის ჟიურის განსაკუთრებული პრიზის მფლობელი.

 

არწივკაცა ირემი - რეჟ. მაიქლ პლიზი / დიდი ბრიტანეთი / 2010

ეს უნიკალური 9-წუთიანი სტოპ-მოუშენ-ანიმაცია ერთ კაცზე მოგვითხრობს, რომელიც დროის მსვლელობის ფენომენითაა შეპყრობილი და უჩვეულო ურთიერთობა აქვს ხოჭოსთან. ამ ანიმაციის სახით პლიზისთვის RCA-ის დამამთავრებელი წელი საკმაოდ ამბიციური გამოდგა. ანიმაცია მის მიერვე დაწერილი მოთხრობის - “პიტერ არწივკაცას ცხოვრება და დრო” - ეკრანიზაციაა. ნამუშევრის საუნდტრეკი ორკესტრული მუსიკაა, რომელიც ანიმაციის პროცესის კვალდაკვალ იქმნებოდა.

BAFTA-ს გამარჯვებული, ნომინაციაში საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია; და SXSW-ის ჟიურის განსაკუთრებული პრიზის მფლობელი.

 

სიყვარულის ღმერთი - რეჟ. ლუკ მათენი / აშშ / 2010

ეს 19-წუთიანი მახვილგონივრული კომედიაა სიყვარულის მასტმულირებელი ისრების შესახებ, რისთვისაც მათენიმ, 2011 წელს პრესტიჟული ოსკარის ჯილდო მიიღო. სცენარიცა და რეჟისურაც მას ეკუთვნის და გარდა ამისა, ფილმში თავადვე თამაშობს. მათენიმ ნიუ იორკის უნივერსიტეტის კინოს ფაკულტეტი ახლახან დაამთავრა, “სიყვარულის ღმერთი” კი ამ უნივერსიტეტის MFA-ის პროგრამის სადიპლომო ნამუშევარი გახლავთ. მათენი ოსკარის ცერემონიაზე ნათქვამი სამადლობელი სიტყვის ერთ-ერთ საუკეთესო ავტორად მოიხსენიეს: მათენიმ ფილმში შეტანილი წვლილისთვის მადლობა დედას გადაუხადა.

ოსკარის გამარჯვებული, ნომინაციაში საუკეთესო ლაივ-ექშენ მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

კომენტარები