საქართველო-რუსეთი

ლავროვი: სააკაშვილს არ ვაპატიებთ

„სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების პატიება შეუძლებელია“, - ასეთი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 ერთ-ერთი აფხაზური გაზეთის ჟურნალისტმა ლავროვს ჰკითხა, თუ როდის დაიწყება რუსეთში სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. საპასუხოდ რუსმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსკოვი „აქტიურად უჭერს მხარს“ სარჩელებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანეს. თუმცა, მისი თქმით, „ეს პროცესი დროს მოითხოვს“.

 აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა სარჩელების უმრავლესობა განსახილველად არ მიიღო, რის მიზეზადაც მათი არასათანადო ფორმით წარმოდგენა დასახელდა.

 ლავროვმა თავის პრესკონფერენციაზე ასევე საქართველოს ხელისუფლება რუსეთისგან „მტრის ხატის შექმნაში“ დაადანაშაულა და დაგმო საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც, ლავროვის თქმით, 1783 წელს გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დასაწყისად შეაფასა.

 

კომენტარები