საქართველო-რუსეთი

თბილისის რეაქცია რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებზე

საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსეთი სამეთაურო-საშტაბო სწავლება  "კავკასია 2012"-ის დაგეგმვით საკუთარ თავს მიაყენებს ზიანს.  მინაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, რომ  ასეთი ტიპის წვრთნების ჩატარების პრაქტიკა და რუსეთის სხვა აგრესიული ქმედებები, თავად რუსეთისთვის არის კონტრპროდუქტიული.

 განცხადება მომავალი წვრთნების შესახებ გასული წლის დეკემბერში რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა მაკაროვმა გააკეთა. წვრთნები 2012 წლის სექტემბერშია დაგეგმილი. რუსული წყაროების თანახმად, წინა წლებისაგან განსხვავებით მანევრები ჩატარდება არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში, არამედ სომხეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ არა მარტო თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ყველა სახეობის ძალები, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) საგანგებო ვითარებათა სამინისტროსა (МЧС) და დაცვის ფედერალური სამსახურის ძალები (ФСО), აგრეთვე  სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. დაგეგმილია დაზვერვისა და კავშირის ყველა სახეობის საშუალებების - ელექტრონული, კოსმოსური, აგრეთვე უპილოტო საფრენი აპარატებისა და მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენება.

 ახლახან,  რუსული ნეზავისიმაია გაზეტა ექსპერტებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ   „კავკაზ-2012“-თვის მზადება უკვე დაიწყო, რაც აშშ-ს და ნატოს მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შესაძლო დაწყებას უკავშირდება. კერძოდ, მოსკოვში მიიჩნევენ, რომ ირანის წინააღმდეგ ომში შესაძლოა სამხრეთ კავკასიის ზოგიერთი სახელმწიფო აღმოჩნდეს ჩართული, რაზეც რუსეთი რეაგირებას მოახდენს და „პრევენციულ ღონისძიებებს“ მომზადებს სომხეთში რუსული დაჯგუფებისკენ სახმელეთო გზის გასახსნელად.

 საქართველოს საგარეო უწყების შეფასებით, რუსეთი მიზანმიმართულად ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამალებულ მილიტარიზაციას, ავითარებს სამხედრო ინფრასტრუქტურას და შემოჰყავს შეტევითი ხასიათის შეიარაღება , ის ცდილობს პერმანენტული დაძაბულობის პროვოცირებას საქარ¬თველოში და მთელს შავი ზღვის რეგიონში.

 "საერთაშორისო თანამეგობრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ფაქტს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა. იგი აგრძელებს აგრესიულ ქმედე¬ბებს, მათ შორის სამხედრო ძალის დემონსტრირებას და პროვოკაციებს. რუ¬სეთი წარმოადგენს დესტაბილიზაციისა და ნეგატიური მოვლენების წყაროს საერთაშორისო არენაზე". -ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 როგორც აკაკი მინაშვილმა აღნიშნა, რუსეთიდან მყისიერი სამხედრო აგრესიის საფრთხე არ არსებობს, მაგრამ რუსეთთან დაკავშირებული გამოცდილებებიდან გამომდინარე, ამ ქვეყანას საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება.

 სამწუხაროდ, რუსეთის ხელმძღვანელობა საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობს, აღნიშნა დეპუტატმა. მისი თქმით, მიუხედავად აგრესიული მოქმედებებისა, რუსეთს ქვეყნის შიგნით აქვს ბევრი პრობლემა, მათ შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და რუსეთის მოსახლეობამ ამის გაპროტესტება უკვე დაიწყო. "რუსეთის ხელისუფლება თუ არ შეცვლის პოლიტიკას, პრობლემებს თავის თავს შეუქმნის," – განაცხადა მინაშვილმა.

 დეპუტატი ნიკა ლალიაშვილი რუსეთის მიერ სამეთაურო-საშტაბო სწავლება "კავკასია 2012"-ის დაგეგმვას "საგანგაშო ფაქტად" აფასებს. "წვრთნების უპრეცედენტო მასშტაბი შემაშფოთებელია. საქართველომ ამის შესახებ დასავლელ მეგობრებთან უნდა ისაუბროს. წვრთნები ძალიან ცუდად ემთხვევა რუსეთის ფედერაციაში ჩასატარებელ საპრეზიდენტო არჩევნებს და ჰგავს 2008 წელს – აგვისტოს ომის წინაპერიოდს," - განუცხადა ჟურნალისტებს ლალიაშვილმა.

 

კომენტარები