სამხედრო წვრთნა

რუსეთი კავკასიაში დიდ სამხედრო წვრთნებს გეგმავს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კავკასიაში მორიგ მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს. ეს მანევრები, სავარაუდოდ, ირანის წინააღმდეგ აშშ-ს სამხედრო ოპერაციის მოლოდინს უკავშირდება. ამის შესახებ სტატიას რუსული ნეზავისიმაია გაზეტა აქვეყნებს.

მანევრები „კავკაზ-2012“ სექტემბრისთვის არის დაგეგმილი, თუმცა, მზადება  უკვე დაიწყო. სამხედრო უწყების ინფორმაციით, წვრთნები წინა წლებში ჩატარებულზე უფრო მასშტაბური და „ახლანდელ სამხედრო პოლიტიკურ რეალიებს უფრო დაახლოებული“ იქნება.   ნეზავისიმაია გაზეტას სტატიის მიხედვით, წვრთნები არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე სომხეთის ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს ,   ის,    ექსპერტთა აზრით, აშშ-ირანის ომის შემთხვევაში  ,  სამხრეთ კავკასიაში შესაძლო საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებული ამოცანების  დაძლევისთვის   მომზადებას გაითვალისწინებს. თავად წვრთნების ხასიათი არა ოპერატიულ-ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული იქნება.

მასშტაბურ წვრთნებს ჩრდილო კავკასიაში რუსეთი 2006 წლიდან ატარებს, გამოცემა აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან კონფლიქტს სწორედ მასშტაბური სამხედრო მანევრები უძღოდა საქართველოს საზღვრებთან.

გამოცემას მოჰყავს სამხედრო ექპერტის ანატოლი ციგანოკის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ირანის წინააღმდეგ ომში შესაძლოა სამხრეთ კავკასიის ზოგიერთი სახელმწიფო აღმოჩნდეს ჩართული. ასეთი სიტუაციაში როგორ უნდა მოხდეს სომხეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო დაჯგუფების ბრძოლისუნარიანობის უზრუნველყოფა? როგორ ჩანს, გენერალური შტაბი რაღაც პრევენციულ ღონისძიებებს დაგეგმავს, მათ შორის კრიტიკულ სიტუაციაში ჯარების მომარაგების ორგანიზებისთვის“, - აღნიშნავს ექსპერტი.

გასულ თვეში ნეზავისიამაია გაზეტაში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც სამხედრო ექსპერტების მოსაზრებებს ეყრდნობოდა, აღნიშნული იყო, რომ ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, სომხეთში საკუთარი კონტინგენტის მხარდაჭერისათვის რუსეთი საქართველოს გავლით „კორიდორის“ შექმნას შეეცდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სექტემბერში, რუსეთის მიერ კავკასიაში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების გეგმას გამოეხმაურა. საგარეო უწყების შეფასებით, რუსეთი მიზანმიმართულად ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამალებულ მილიტარიზაციას, ავითარებს სამხედრო ინფრასტრუქტურას და შემოჰყავს შეტევითი ხასიათის შეიარღება , ის ცდილობს პერმანენტული დაძაბულობის პროვოცირებას საქართველოში და მთელს შავი ზღვის რეგიონში.

"საერთაშორისო თანამეგობრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ფაქტს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა. იგი აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს, მათ შორის სამხედრო ძალის დემონსტრირებას და პროვოკაციებს. რუსეთი წარმოადგენს დესტაბილიზაციისა და ნეგატიური მოვლენების წყაროს საერთაშორისო არენაზე". -ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები