ბიძინა ივანიშვილი

სასამართლომ ივანიშვილს მოქალაქეობა არ აღუდგინა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლითაც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. თუმცა, დაადგინა, რომ იმავე ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც ივანიშვილის მეუღლეს შეუწყდა მოქალაქეობა, უკანონოა. შესაბამისად, ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა უნდა აღუდგეს.

საქართველოს მოქალაქეობა ივანიშვილს 11 ოქტომბერს შეუწყდა. მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოლიტიკურ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ საფრანგეთის მოქალაქეობაც მიიღო. ეს ფაქტი სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ მოქალაქეობის შესახებ კანონის დარღვევად შეაფასა. იმავე დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას ივანიშვილისთვის და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე.

ეს ქმედება ივანიშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა დაგმეს როგორც პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკური პროცესებიდან ოპონენტის ჩამოშორებას ისახავს მიზნად. როგორც დღეს ივანიშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ამავე დროს, საქართველოს მოქალაქეობის აღსადგენად ივანიშვილს კიდევ ერთი კანონიერი გზა რჩება - პირდაპირ მიმართოს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც მოქალაქეობის თაობაზე განაცხადს სამი თვის ვადაში უნდა უპასუხოს.

პრეზიდენტმა ერთხელ უკვე მიანიჭა ივანიშვილს მოქალაქეობა 2004 წელს. 2004 წლიდან კონსტიტუცია უფლებას ანიჭებს პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე „განსაკუთრებული დამსახურება“ აქვს ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს „სახელმწიფო ინტერესებიდან“.

 

კომენტარები