ჟენევის მოლაპარაკებები

ჟენევის დისკუსიის შემდეგი რაუნდი 2012 წლის მარტში გაიმართება

 

 ჟენევაში 14 დეკემბერს გამართული მოლაპარაკებების მე–18 რაუნდის მთავარი თემები ისევ  ძალის გამოუყენებლობა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები იყო.  საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მოლაპარაკებების პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ( სადაც მიმდინარეობს მუშაობა ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის შეთანხმების თაობაზე) განხილულ იქნა თანათავმჯდომარეების მიერ შემოთავაზებული გეგმით გათვალისწინებული კონკრეტული ნაბიჯები. ხაზი გაესვა, რომ სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარება შესაძლებელია მხოლოდ იმის შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია აიღებს ვალდებულებას საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ და შეასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პირობას, მათ შორის გაიყვანს თავის სამხედრო ძალებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. თანათავმჯდომარეებმა,  კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას აიღოს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება.

 ”საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციისა და რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან ხშირი აგრესიული განცხადებების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის მიერ მსგავსი ვალდებულების აღება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ”- აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და დასძენს, რომ აღნიშნულ კონტექსტში, ჟენევაში,   განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნ. პატრუშევისა და ს. ლავროვის მიერ უკანასკნელ პერიოდში გაკეთებულ პროვოკაციულ განცხადებებზე. ”ქართული მხარე იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია უპასუხებს 2010 წლის ნოემბერში საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას და აიღებს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას. მხარეები გააგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობას ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდების დროს.”-  ნათქვამია საგარეო სამინისტროს განცხადებაში . 

გავრცელებული ცნობებით მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების მომდევნო მე–19 რაუნდი 2012 წლის 28–29 მარტს გაიმართება

 

კომენტარები