ტაბულას რედაქციის განცხადება

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ახალი ანგარიშის შესახებ

13 დეკემბერს, ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ საქართველოს სარეკლამო ბაზრის კვლევა წარმოადგინა. ტაბულა მიესალმება ქართული მედიის გაძლიერებისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას და მადლობას უხდის USAID-ს, IREX-ს და საერთაშორისო გამჭვირვალობას გაწეული სამსახურისთვის. თუმცა, ამავდროულად, წუხილს გამოთქვამს მოცემული კვლევის ხარისხის გამო.

ტაბულას რედაქცია არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობას სთხოვს უარყოს და შეასწოროს მოცემული კვლევის ის ნაწილი,სადაც ტაბულას მაგალითია მოყვანილი რეკლამის სექტორზე პოლიტიკური ზეგავლენის საილუსტრაციოდ. სასურველია უარყოფა და შესწორება იმავე ადგილას და იმავე აუდიტორიის წინაშე მოხდეს - სადაც საერთაშორისო გამჭვირვალობამ კვლევის შედეგები წარადგინა. 

საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ ჩატარებული კვლევა არასრულ სურათს წარმოაჩენს და უსამართლოა შემდეგი მიზეზების გამო:

1. კვლევის ავტორი ისე სდებს ტაბულას ბრალს მისი მთავარი რედაქტორის მდგომარეობით ბოროტად სარგებლობაში, რომ ჟურნალის არცერთ თანამშრომელს არ გასაუბრებია - არ დაინტერესებულა რა სტრატეგიით შევედით ბაზარზე. ეს მაშინ, როცა ლიბერალის რედაქტორს შორენა შავერდაშვილს არა მხოლოდ ესაუბრა, არამედ მის სიტყვებს ანგარიშშიც ციტირებს.

2. ავტორი არ ინტერესდება, თუ რატომ არ ათავსებენ ლიბერალში რეკლამას ისეთი კომპანიები, რომლებიც პოლიტიკურ ზეწოლას “არ უშინდებიან” და რეკლამას ყიდულობენ ისეთ მწვავედ ოპოზიციურ ტელეარხებზე, როგორიცაა მაესტრო და კავკასია (მაგთი, კუზანოვი, ბორმენტალი, ყაზბეგი, პაპილონი და ა. შ.)

3. კვლევა წინააღმდეგობრივია - ის საუბრობს, რომ ჟურნალ-გაზეთების მკითხველთა სეგმენტის განსაზღვრა, ობიექტური გზით შეუძლებელია, მაგრამ ამავე დროს თავადვე ასკვნის, რომ ლიბერალს და ტაბულას ერთი მიზნობრივი აუდიტორია ჰყავს - რის საფუძველზე გამოაქვს ავტორს ეს დასკვნა, თუ ობიექტურად ვერ ამოწმებს?

4. კვლევის ავტორს არ გამოუკვლევია, რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს კომპანიას ტაბულაში რეკლამის დაკვეთისას. ის უაპელაციოდ გვთავაზობს “მედიის ბაზრის დამკვირვებლების” მოსაზრებას პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით. მაშინ როცა:

ა) არაფერია ნათქვამი იმაზე, რა ტიპის და ღირებულების სარეკლამო პაკეტს სთავაზობენ კომპანიებს ტაბულა და ლიბერალი. არც ისაა აღნიშნული, რომ ტაბულაში რეკლამა ორჯერ და მეტჯერ უფრო იაფი ღირს, ვიდრე ლიბერალში (გთხოვთ იხილოთ დანართი). 

ბ) კვლევა არ ითვალისწინებს, რომ ტაბულა დამატებით სტიმულს უქმნის რეკლამის დამკვეთს სეგმენტის განსაზღვრის გზით - ლიბერალისგან განსხვავებით, ტაბულა უფასოდ ურიგდება ყველა მსხვილი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს და მარკეტინგის სამსახურს, პარლამენტის თითოეულ წევრს, საჯარო სამსახურის საშუალო და მაღალი თანამდებობის პირებს. ჟურნალი დევს აირზენას რეისებსა და თბილისის აეროპორტში. უფასოდ ვრცელდება კაფეებსა და რესტორნებში. ეს მაშინ, როდესაც კვლევის ავტორი, თავად ურჩევს ჟურნალ-გაზეთებს აუდიტორიის შესახებ ნათელი წარმოდგენა შეუქმნან კომპანიებს, რათა ამ გზით უფრო იოლად მოიზიდონ რეკლამა. 

გ) კვლევა არც იმას ითვალისწინებს, რომ ტაბულა კომპანიებს ბონუსად სთავაზობს რეკლამის განთავსებას ყოველთვიურ ინგლისურენოვან გამოცემაში. ეს უკანასკნელი, საქართველოში მოღვაწე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, მისიის, საელჩოს და კომპანიის თითქმის ყველა უცხოელ წარმომადგენელს მისდის სახელობითად და უფასოდ. ამას გარდა, უფასოდ ვრცელდება უცხოელი ვიზიტორებით დატვირთულ სასტუმროებში: მარიოტში, შერატონში, ჰოლიდეი ინნში, ვერე პალასში, ამბასადორში, ბათუმის ინტურისტში და ა.შ. ლიბერალს ინგლისური ვერსია საერთოდ არ აქვს. 

დამატებითი ინფორმაციის სახით, ტაბულა გთავაზობთ იხილოთ ჩვენი დაკვეთით, კომპანია ACT-ს მიერ ჩატარებული რეკლამის ფასის ელასტიურობის კვლევა. ის წარმოდგენას ქმნის ამა თუ იმ გამოცემის ცნობადობაზე რეკლამის დამკვეთ კომპანიებს შორის. ამ კვლევაში შეამჩნევთ, რომ ლიბერალის ცნობადობა არა მხოლოდ ტაბულას, არამედ ბევრი სხვა, ლიბერალზე მკვეთრად ოპოზიციური ჟურნალისა თუ გაზეთის ცნობადობასაც ბევრად ჩამოუვარდება - როგორ უნდა ჩადონ კომპანიებმა რეკლამა იმ გამოცემაში, რომლის შესახებაც მათი მარკეტინგის ხელმძღვანელებმა არაფერი იციან - გაუგებარია.

ამით არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებთ ლიბერალის ღირსებას. უბრალოდ გვსურს ვაჩვენოთ, რომ ამ ორმა გამოცემამ სხვადასხვა მარკეტინგული სტრატეგია აირჩია და მათი ერთ ჭრილში განხილვა, ამ განსხვავებების მითითების გარეშე, დამაბნეველია.

იმ ფაქტმა, რომ ACT-ს კვლევა ტაბულამ დაუკვეთა, შესაძლოა, ზოგიერთს მის ობიექტურობაში ეჭვის საფუძველი გაუჩინოს. სამწუხაროდ, საერთაშორისო გამჭვირვალობას მსგავსი კვლევა არ ჩაუტარებია და ნაჩქარევი, ზედაპირული და არაკომპეტენტური დასკვნით შემოიფარგლა.

კომენტარები