საქართველო-რუსეთი

კარასინი: სააკაშვილმა წერტილი დაუსვა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას

კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის დისკუსიების ალტერნატივა შესაძლოა მარტო ახალი ომი იყოს ,  ამის  შესახებ სააგენტო იტარ -ტასისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა აღნიშნა. ” რეგიონში შეიქმნა ახალი ვითარება და  ამას ვერავინ გაექცევა.  ვიმედოვნებ ამას გააცნობიერებენ  ყველგან, მათ შორის თბილისში. ”- განაცხადა მან და   ჟენევის დისკუსიებზე რუსეთის  პრიორიტეტები    ასე განმარტა: ”  ჩვენ მხარს ვუჭერთ სოხუმის და ცხინვალის მოთხოვნას თბილისთან გაფორმდეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება. აფხაზები და ოსები მიიჩნევენ, რომ  ევროპარლამენტში სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება  საკმარისი არაა.  მეორე:  ჩვენ არა ერთხელ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ვიყოთ რეგიონში მშვიდობის გარანტი, მაგალითად,  ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ერთად. მესამე: რუსეთი ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს ეხმარება თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და საზღვრების დაცვაში. რუსეთის ეს ქმედება შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი  რეგიონში  სიმშვიდის შენარჩუნებისთვის.”

  გრიგორი კარასინმა  განაცხადა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა რუსეთისგან ”მტრის ხატს” ქმნის, რათა ”ქვეყნის დანგრევის გამო” საკუთარი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობლობას აირიდოს.  ” თბილისი უარს ამბობს აღიაროს რეგიონში მომხდარი ცვლილებების  შეუქცევადობა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ  სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენული სტატუსი გამყარებულია რუსეთის და სხვა სახელმწიფოების აღიარებით , ასევე საიმედოდ არის დაცული ამ რესპუბლიკებში დისლოცირებული რუსი სამხედროების წყალობით. სააკაშვილმა საკუთარი ხელით დაუსვა წერტილი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ამის გამო საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს. ” -  ეს   გრიგორი კარასინმა  ჟენევის დისკუსიების მე-18 რაუნდის წინ განაცხადა და თან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში დროთა განმავლობაში გაჩნდებიან ”საღად მოაზროვნე ხელმძღვანელები”  და შესაძლებელს გახდიან ”რუსეთ-საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობების აღორძინებას”.

 

 

კომენტარები