პრემიერა

R+J — რომეო და ჯულიეტას ბერძნული ვერსია

იანვარს, ქართული თეატრის დღეს, კინომსახიობთა თეატრში პრემიერა გაიმართება. ბერძენი რეჟისორი მიხეილ მარმარინოსი უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტას” განსხვავებულ ვერსიას, სახელწოდებით R+J შემოგვთავაზებს. მას და ქართველ მსახიობ გიორგი ნაკაშიძეს, რომელსაც მარმარინოსთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს („მედეა, ორი წერტილი მასალა” (2000) და „ეროვნული ჰიმნი” (2003) ), ერთ-ერთი რეპეტიციის დროს შევხვდით.

გიორგი ნაკაშიძე: მიხეილ მარმარინოსს პირველად „მედეა: მასალაზე” მუშაობისას შევხვდი. ძალიან რთული პერიოდი იყო, უშუქობა, სიცივე და ა.შ. მაგრამ მასთან თანამშრომლობამ, შეიძლება ითქვას, რომ უმძიმესი პერიოდი გადამატანინა და ყველაფერს მომწყვიტა. საერთოდ, ძალიან გახსნილი ადამიანი ვარ თანამშრომლობისთვის და ყოველთვის ვგრძნობ, მიღირს თუ არა მუშაობა კონკრეტულ შემოთავაზებაზე. მარმარინოსთან რეპეტიციები იმდენად საინტერესოდ დაიწყო და წარიმართა, რომ მაშინვე მივხვდი ვისთან მქონდა საქმე. მის მიერ შემოთავაზებულ მასალაში ჩავიძირეთ – არსად წასვლის, სხვა საქმის კეთების სურვილი აღარ მქონდა. როდესაც რეპეტიციებიდან დაღლილები ვბრუნდებოდით სახლში, ისევ იმაზე ვფიქრობდით, როდის გათენდებოდა მეორე დღე, რომ დაწყებული საქმე გაგვეგრძელებინა და ერთმანეთს კვლავაც შევხვედროდით. ათი საათის განმავლობაში რომ რეპეტიცია არ გწყინდება, მხოლოდ და მხოლოდ რეჟისორის დამსახურებაა. რაც შეეხება სპექტაკლს, რომელსაც ვამზადებთ, რომელიმე პერსონაჟს განვასახიერებ-მეთქი, ვერ გეტყვით, რამდენადაც ყველანი ერთად გამოვხატავთ საერთო ტკივილს, მიდგომას და დამოკიდებულებას არა მხოლოდ კონკრეტული ისტორიის, არამედ მთელი სამყაროს მიმართ. რეჟისორი გვეხმარება, რომ გამოვამჟღავნოთ ყველაფერი, რაც დაგვიგროვდა.

თქვენი სპექტაკლით კინომსახიობთა თეატრი იწყებს საერთაშორისო პროექტს, რომელიც მსოფლიო კულტურულ პროცესში ჩართვასა და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას ითვალისწინებს. როგორ ფიქრობთ, რატომ გაკეთდა არჩევანი თქვენზე?

მიხეილ მარმარინოსი: ალბათ იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი პირველი სპექტაკლი საქართველოში. კარგად ვიცნობ ქართველ მსახიობებს, ძალიან მიყვარს საქართველო და ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანია. აქ ბევრი რამ მომწონს და ბედნიერი ვარ, რომ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებთან მომიწია მუშაობა.

როგორ გაიხსენებდით დროს, როდესაც საქართველოში პირველად ჩამოხვედით, გაიცანით ქართველი მსახიობები და დადგით სპექტაკლები, რომლებიც ქართველ თეატრალებს კარგად ახსოვთ...

მაშინ უფრო ადვილი იყო თუ რთული, ვერ ვიტყვი. ალბათ უფრო რთული – გვქონდა პრობლემები, რომელთა გადალახვაც გვიწევდა. ძალიან სასიამოვნოა, დღეს თეატრს აქვს განათება, მოდის წყალი, ჩართულია გათბობა და ა.შ. ვერ ვიტყვი, რომ ის საშინელი პერიოდი იყო, მაგრამ ვხედავ, რომ საქართველოში ბევრი რამ სასიკეთოდ ვითარდება. ქართველ მსახიობებთან თანამშრომლობას რაც შეეხება, გიორგის გარდა ყველა პირველად ვნახე, აქამდე არცერთთან არ მიმუშავია და შემოქმედებითი გუნდის დაკომპლექტებას მართლაც დიდი დრო მოვანდომე.

მათთან მუშაობით მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ თუ არა ქართველი მსახიობების რაიმე განსაკუთრებულ თვისებებზე ისაუბროთ?

მსახიობი არის არსებული ცივილიზაციის, გნებავთ კულტურის, ხელშესახები, თვალხილული ნაწილი. რაზეც ისტორია, კონფლიქტები, ცვლილებები ძალიან მოქმედებს და ეს არის ის, რასაც მსახიობებთან მუშაობისას ვეძებ. მათი სამსახიობო ნიჭი და უნარები კი არ მაინტერესებს, არამედ ის, თუ რამდენად არიან საკუთარი კულტურის მაცნენი, იმიტომ, რომ გზა, რომელსაც თეატრში ვადგავარ, არ არის დამყარებული მსახიობის ნიჭიერებაზე. მათ უნდა შეძლონ, რომ პირდაპირი ან ირიბი გზით ისტორიის პატარა მაგალითები გამოანათონ და მათივე საზოგადოება „წარმოაჩინონ”. ამ თვალსაზრისით, ქართველი მსახიობები ძალიან მდიდრები არიან. მომწონს ისიც, რომ ქართველები მსახიობებს, ცნობიერად თუ არაცნობიერად, არტისტებს ეძახიან, არადა, არტისტი არის ტერმინი, რომელსაც გარკვეული საფეხურების გავლის შემდეგ უნდა მიაღწიო. ასევე, მომწონს, რომ საქართველოში არსებობენ ოჯახები, სადაც მსახიობობა თაობიდან თაობას გადაეცემა, რაც ძალიან იშვიათი და ძალიან ქართული მოვლენაა. და კიდევ ერთი, ვმუშაობ არაჩვეულებრივ ქართველ მხატვართან, უშანგი იმერლიშვილთან. რომელიც სახლში ზის... ეს ჩემთვის ქართული აზროვნების ამბივალენტურობის მანიშნებელია. ქართველებს არაჩვეულებრივი ხალხი გყავთ, მაგრამ ვხედავ, რომ ისინი ხშირად ინერტულები არიან და არ მესმის რატომ. ის რომ საქართველოში არ ყოფილიყო, ჭამის დროც კი არ ექნებოდა... ასეთ ხელოვანებს საზოგადოებამ დადებითი მუხტი და ენერგია უნდა გადასცეს იმისთვის, რომ არ გაჩერდნენ და წინ წავიდნენ. უშანგი იმერლიშვილი უკვე სხვა თაობის წარმომადგენელია, მაგრამ იმდენად თანამედროვე, ღია, ორგანიზებული, ზუსტი და სწრაფია, იმხელა პროფესიონალია, რომ ნამდვილი საგანძურია.

თქვენს სპექტაკლებს საქართველოში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, თუმცა საზოგადოების ინტერესი ნამდვილად გამოიწვია, უპირველესად, ალბათ, ფორმის, სათეატრო სივრცის არატრადიციულად ათვისების თვალსაზრისით, ინტერაქტიულობით და ა.შ. ამჯერად რას გვთავაზობთ?

ხელოვნება არის როგორც ბომბი, რომელსაც ტაბლეტივით ვყლაპავთ და ველოდებით როდის გასკდება და აფეთქდება ჩვენში. ასეთი აფეთქების დროს ცხოვრება შეიძლება სულ სხვანაირად, უფრო ფერადად, შთამაგონებლად და სიურპრიზებით სავსედ დავინახოთ და განვიცადოთ. ინტერაქცია და ინტერაქტიულობა მიზანი კი არა, უფრო მექანიზმია იმისთვის, რომ რაღაცას მიაღწიო. გულწრფელად რომ გითხრათ, ინტერაქტიული თეატრი არ მომწონს, მხოლოდ რაღაც თვისებები მომწონს მისი და კიდევ, გავლენები, რომელსაც ის ადამიანზე ახდენს. თეატრი ისედაც ინტერაქტიულია და თუ ასეთი არ არის, ე.ი. ის არ არსებობს. თუ ჩვენი შემოქმედებითი გუნდი ინტერაქტიულია, ამ ინტერაქციაში ძალიან ფრთხილი მინდა ვიყო და არავის არაფერი დავაძალო. მაყურებელს უნდა ჰქონდეს უფლება თავად გადაწყვიტოს, შეუერთდეს თუ არა წარმოდგენას.

რატომ შეაჩერეთ ყურადღება პიესაზე, რომელიც საქვეყნოდ ცნობილია და არაერთი ინტერპრეტაცია გვინახავს?

ზოგჯერ ჩვენ ვხედავთ რაღაცებს, რაც ძალიან კარგად არის დაფარული, ამიტომაც მაყურებელს კიდევ ერთხელ მივცემთ საშუალებას, მიუახლოვდეს მასალას, რომელიც ამოუწურავია. მას, ისევე როგორც „ჰამლეტს”, ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ შემიძლია დავუბრუნდე.

„რომეო და ჯულიეტას” ცნობილი ინტერპრეტაციებიდან, რომელიმეს განსაკუთრებულად ხომ არ აღნიშნავდით?

ასეთი რომ მენახა, მუშაობასაც ვერ გავბედავდი. ჩვენ თუ უმანკოები და გულწრფელები არ ვიქნებით, გაბედულებაც არ გვეყოფა. რა მომწონს ზოგადად ხელოვნებაში? ის, რომ ეს არ არის საჭიდაო რინგი, სადაც მხოლოდ ერთმა უნდა გაიმარჯვოს. ხელოვნებაში გამარჯვებული ერთდროულად რამდენიმე ადამიანი შეიძლება იყოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ერთგვარი კურთხევა და დალოცვაა.

რატომ უნდა მოვიდეს მაყურებელი სპექტაკლზე?

მოპატიჟება დიდად არ მეხერხება. თუ აინტერესებთ რა ხდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოვიდნენ. ჩემთვის იდეალურია, როდესაც მაყურებელი მოდის, როგორც ცარიელი ჭიქა და წარმოდგენის დამთავრების შემდეგ, დარბაზიდან სავსე გამოდის.

 

კომენტარები