ოკუპირებული რეგიონები

ცხინვალში ძალაშია გადაწყვეტილება არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ

ცხინვალის სასამართლომ ძალაში დატოვა საკუთარი გადაწყვეტილება 27 ნოემბრის ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ. გადაწყვეტილება დღეს დე ფაქტო სასამართლოს თავმჯდომარემ აცამაზ ბიცენობმა გამოაცხადა. მანამდე ოპოზიციის კანდიდატმა ალა ჯიოევამ კოკოითის მოუწოდა 2 დღის მანძილზე დატოვოს რეგიონის ტერიტორია. ”მისი ქმედებები საბოლოოდ სასამართლომ უნდა შეაფასოს”- თქვა ოპოზიციის კანდიდატმა. მან 27 ნოემბრის არჩევნებზე წარმატება მოიპოვა, თუმცა არჩევნების შედეგები სასამართლომ ბათილად გამოაცხადა.

გავრცელებული ცნობებით, ცხინვალის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გახმაურების შემდეგ ალა ჯიოევამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აპირებს დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართოს . სააგენტო იტარ-ტასის ცნობით, ჯიოევამ არ გამორიცხა მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი. ედუარდ კოკოითიმ კი საკუთარ ოპონენტებს საქართველოს მხრიდან მართული ”პროვოკატორები” უწოდა. ” უკვე დასტურდება, რომ სამხრეთ ოსეთში ნარინჯისფერ რევოლუციას საქართველოს სპეც-სამსახურები აფინანსებენ, ამიტომ რესპუბლიკა გადამწყვეტად უპასუხებს პროვოკატორებს,”- განაცხადა მან . გავრცელებული ცნობებით, ცხინვალში დაიწყო ჯიოევას მომხრეების დაპატიმრება - იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით. იქ ესროლეს გენერალური პროკურორის საცხოვრებელს. დე ფაქტო ხელისუფლებამ დროებით ჩაკეტა საზღვარი რუსეთთან და ეს გადაწყვეტილება რეგიონში შექმნილი ვითარებით ახსნა.

 

კომენტარები