შეიარაღება

საქართველომ რუსეთის მიმართ CFE-სმ მოქმედება შეაჩერა

საქართველომ,   რუსეთთან მიმართებაში, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (Treaty on Conventional Armed Forces in Europe - CFE) ხელშეკრულების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ქართულმა დელეგაციამ CFE-ს ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფის სხდომაზე  განაცხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო გააგრძელებს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ხელშეკრულების ყველა წევრ-სახლმწიფოსთან მიმართებაში, გარდა რუსეთის ფედერაციისა, და გამოხატავს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს და მონაწილეობა მიიღოს ევროპაში შეიარაღებაზე კონტროლის რეჟიმის აღდგენაზე გამიზნულ სამომავლო კონსულტაციებში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო აღარ მიაწვდის რუსეთს ინფორმაციას ყოველწლიური საინფორმაციო გაცვლის ფარგლებში, რომელიც ხორციელდებოდა CFE-ს შესაბამისად, ასევე აღარ მიიღებს რუსეთის მიერ ხელშეკრულების თანახმად მოთხოვნილ ინსპექციებს.

საგარეო უწყება შეშფოთებულია უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე რუსეთის „მუდმივ შეუსაბამობაში ყოფნით“ CFE ხელშეკრულებასა და საფლანგო დოკუმენტთან.

საქართველოს დელეგაციის განცხადებით, რუსეთის მიერ სტამბოლის ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ვერ მოხერხდა ადაპტირებული CFE -ს რატიფიცირება 10-ზე მეტი წლის განმავლობაში.

რუსეთმა ასევე არ შეასრულა  ხელშეკრულების  პირობა და საქართველოს ტერიტორიაზე მიმღები ქვეყნის თანხმობის გარეშე კვლავაც განალაგებს სამხედრო ძალებსა და შეიარაღებას.

2007 წლის დეკემბერში რუსეთმა  ხელშეკრულების შესრულებაზე ცალმხრივი მორატორიუმის გამოაცხადა, რამაც, თბილისის აზრით, ევროპის უსაფრთხოების სისტემა სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა. 2008 წლის აგვისტოში კი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიით,  ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავრი პრინციპი დაარღვია, რომელიც მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს , თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან,  - მიიჩნევს ოფიციალური თბილისი. 

ქართული დელეგაციის განცხადებით, რუსეთის  მიერ საერთაშორისო სამართლის და CFE ხელშეკრულების უხეში დარღვევის მიუხედავად, საქართველო განუხრელად ასრულებდა ხელშეკრულებით და საფლანგო დოკუმენტით განსაზღვრულ ყველა ვალდებულებას რუსეთის ფედერაციის მიმართ.

ხელშეკრულებას ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ 1990 წლის 19 ნოემბერს პარიზში ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების სამხედრო ბლოკების წევრმა სახელმწიფოებმა მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება აწესებს შეზღუდვებს ჩვეულებრივ შეიარაღებაზე - მძიმე ტექნიკაზე, არტილერიაზე ავიაციაზე და ა. შ. ევროპის ტერიტორიაზე.

1996 წელს ხელი მოეწერა საბოლო დოკუმენტის დამატებას, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილ ვითარებას ითვალისწინებდა და რუსეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ახალ საფლანგო   შეზღუდვებს უწესებდა დასავლეთისა და კავკასიის მიმართულებით. ჩეჩნეთის ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ეს შეზღუდვები დაარღვია.

1999 წლის 19 ნოემბერს ეუთო-ს სტამბოლის სამიტზე  ხელი მოეწერა შეთანხმებას CFE-ს ადაპტაციის შესახებ. დოკუმენტით დაწესდა ახალი ეროვნული და ტერიტორიული კვოტები. ადაპტირებული შეთანხმების რატიფიცირება არ მოუხდენია საქართველოსა და მოლდოვას, რომლებიც თავიანთი ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანას მოითხოვდნენ. ეს ვალდებულება რუსეთმა საკუთარ თავზე სტამბოლის სამიტის ფარგლებში აიღო.  იმის გამო, რომ რუსეთმა ეს პირობა არ შეასრულა, შეთანხმების რატიფიცირება არც  ნატო-ს ქვეყნებს მოუხდენიათ.   თუმცა თბილისიც და ნატო-ს ქვეყნებიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს ასრულებდნენ.

2007 წელს პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის მიერ CFE-ს შესრულებაზე ცალმხრივი მორატორიუმი გამოაცხადა, რის საბაბიც გახდა აშშ-ს  გეგმები პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო დაცვის განლაგებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, რუსეთი აღარ დაიცავს დაწესებულ შეზღუდვებს,  უარს ამბობს შეიარაღების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე პარტნიორებისთვის და საკუთარი შეიარაღებულ ძალების ინსპექტირებაზე.

რამდენიმე დღის წინ აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ მოსკოვს CFE-ის ფარგლებში საკუთარი შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციას აღარ მიაწვდიან.

 

კომენტარები