რეპლიკები „ლედი მაკბეტის ოფისიდან”

ჩრდილო უელსის ზღვისპირა ქალაქ ლანდიდნოში, რომელიც მოდური სამთო-სათხილამურო კურორტია, ახლა ზამთრის სეზონი იწყება. ვიქტორიანული ეპოქის დროინდელი ელეგანტური სასტუმროები და კაფეები ხალხით ივსება. მოსტინის გალერეა (Mostyn Gallery) ამ ქალაქში მე-19 საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს. ამ უძველეს შენობას 2010 წელს თანამედროვე დიზაინის საგამოფენო სივრცეც დაემატა. დღესდღეობით Mostyn-ის გალერეა დიდი ბრიტანეთის იმ 19 გალერეის რიცხვში შედის, რომლებიც Plus Tate network-ს ქმნიან. საგამოფენო სივრცე უელსელ და საერთაშორისო თანამედროვე არტისტებზეა ორიენტირებული. დღეს იქ პარალელურად ორი გამოფენა მიმდინარეობს: ცნობილი გერმანელი სკულპტორის – ანსელმ კიფერისა და ქართველი მხატვრის – მიშა შენგელიას ნამუშევრებია წარმოდგენილი. კიდევ ერთი ნიუანსია მნიშვნელოვანი: აქვე, გვერდით, Mostyn-ის გალერეასთან Royal Mail-ის ოფისის შენობაცაა. ალბათ იკითხავთ, რა შუაშია Royal Mail-იო? ისინი კი, ვინც მიშა შენგელიას მხატვრობას იცნობენ, კმაყოფილებით გაიფიქრებენ: რა სასიამოვნო დამთხვევააო. საქმე ისაა, რომ ქართველი მხატვარი, ბოლო ათეული წელია, რაც თავისი სერიით – Royal mail-ით ესაუბრება მსოფლიოს, პოპულარულია გალერისტებსა და ხელოვნების მომხმარებლებში.

მიშა შენგელიას ეს ნამუშევრები მცირე ზომის ტილოზე ზეთში შესრულებული საფოსტო ღია ბარათებია. თუ მასზე გამოსახულ შტამპებს, მარკებსა და სხვადასხვა საფოსტო აბრევიატურას გავითვალისწინებთ, თავიანთი ფორმითა და კომპოზიციით ისინი თავის დროზე სწორედ ბრიტანეთის სამეფო ფოსტითაა შთაგონებული:

„1999-ში გლაზგოში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ვიყავი მიწვეული და ყოველდღე მიწევდა Royal mail-ის გვერდით გავლა, საიდანაც ფოსტა გამოჰქონდათ. სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა „პოსტკარდების” ფორმატში მეკეთებინა ფერწერა და თან ზედ დამერთო ჩემი რეპლიკები, ტექსტური შეტყობინებები”, – გვიხსნის მხატვარი.

მიშა შენგელიას სერიას Royal mail-ს, გალერისტები თუ დამთვალიერებლები ხან ყოველდღიური მსოფლიო ახალი ამბების სიურრეალისტურ კადრებს ადარებენ და ხან ერთ დიდ კომიქსების წიგნს. მხატვარი შავი იუმორით, მახვილგონივრულად გვესაუბრება მსოფლიო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, პოსტსაბჭოთა, ევროპულ თუ ამერიკულ საზოგადოებაზე, რუსულ გაზსა და ნავთობზე, მაფიაზე, მსოფლიო ბრენდებზე, ცნობილ თუ უცნობ პერსონებზე, კლასიკურ თუ თანამედროვე ხელოვნებაზე. თითოეულ ნამუშევარში ირევა ეპოქები, სტილი, ხელოვანი თამაშობს კლასიკოსი მხატვრების – ბრეიგელისა თუ პიერო დელა ფრანჩესკას რეინტერპრეტაციით, უორჰოლის კემპბელის ქილებით, მის ღია ბარათებში ღრუბლებზე „მიჭედებულ” ლურსმანზე დაკიდებული პალტო გვამცნობს, რომ „ღმერთი გასულიალანჩზე”, კოკა-კოლას მუმია კი ბრიტანეთის მუზეუმში ინახება და ა. შ. ყველა ნამუშევარი პოლიტიკური, კულტურული თუ სოციალური მესიჯია, რომელიც, ერთი შეხედვით, სიურრეალისტურ პარალელებს ავლებს ისტორიასა და თანამედროვეობასთან. სერიას მხატვრის მიერვე გამოგონილი Replika Gallery აერთიანებს.

მიშა შენგელიას ნამუშევრები 90-იანების დასაწყისიდან იფინება ვაშინგტონში, პარიზში, ლონდონსა და გლაზგოში. Royal mail-ის „პოსტკარდები”, რომელსაც ის 2000 წლიდან ქმნის, დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ სერიის ნამუშევრები და მხატვრის მახვილგონივრული რეპლიკები, არტის მოყვარულებმა დიდი ხანია იციან.

 

კომენტარები